აფხაზეთის დეფაქტო საპრეზიდენტო არჩევნები: კანდიდატების მოსაზრებები საქართველოსთან და რუსეთთან ურთიერთობაზე

კვირას, 22 მარტს, აფხაზეთში ე.წ საპრეზიდენტო არჩევნები გაიმართება. საპრეზიდენტო სავარძლისთვის 3 კანდიდატი ადგურ არძინბა, ასლან ბჟანია და ლეონიდ ძაპშბა იბრვის. საპრეზიდენტო არჩევნებამდე 2 დღით ადრე, აფხაზეთის ,,სახელმწიფო“ ტელევიზიაში კანდიდატებს შორის დებატები გაიმართა. დებატების დაწყებისთანავე, კანდიდატმა ლეონიდ ძაპშბამ დებატებში მონაწილეობაზე უარი განაცხადა და სტუდია დატოვა. მისი განცხადებით, დღეს მისი ოპონენტის, ასლან ბჟანიას ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე, კანდიდატები ერთმანეთთან თანაბარ მდგომარეობაში არ არიან, მან ასლან ბჟანიას ჯანმრთელობა უსურვა და სტუდია დატოვა. სხვა საკითხებთან ერთად, ჟურნალისტების ინტერესის სფერო გახდა კანდიდატების ხედვები საქართველოსთან და რუსეთთან ურთიერთობაზე. ასლან ბჟანიას თქმით, მომავალმა პრეზიდენტმა უნდა იმუშაოს ქვეყნის შიგნით არსებული სიტუაციის გაძლიერებაზე და მხოლოდ ამ შემთხვევაში მიიღებენ სხვა ქვეყნებისგან აღიარებას. მან ხაზი გაუსვა, რომ რუსეთთან ურთიერთობა ფუნდამენტური ხასიათისაა. ბჟანიას თქმით, აფხაზეთი საკმარისად არ ავითარებს ურთიერთობებს რუსეთთან. მან მაგალითი მოიყვანა საზღვარზე არსებული სიტუაცია, რაც ადამიანთა ძალიან მცირე რაოდენობას თუ აკმაყოფილებს. ბჟანიამ აღნიშნა, რომ რუსეთთან შეთანხმებების თანახმად, სასაზღვრო გამშვები რეჟიმი უნდა გამარტივებულიყო, მაგრამ ეს ჯერ არ მომხდარა. ამავდროულად, ბჟანიამ ხაზი გაუსვა იმას, რომ მოსკოვთან ურთიერთობებში აფხაზეთმა თავისი სუვერენიტეტის ნაწილი მოსკოვს დაუთმო – სამხედრო უსაფრთხოების, სასაზღვრო უსაფრთხოების საკითხებში და რომ რესპუბლიკა იმყოფება რუბლის ზონაში, არ აქვთ საკუთარი ვალუტა. ბჟანია აღნიშნავს, რომ ეს ყველაფერი აფხაზების ერთ ნაწილში გაღიზიანებას იწვევს და ერთხელ და სამუდამოდ უნდა განისაზღვროს ის, თუ სუვერენიტეტის რა ნაწილს გადასცემს აფხაზეთი რუსეთს. საქართველოსთან ურთიერთობების შესახებ, ბჟანიამ ვლადისლავ არძინბას 1999 წელს ქართველი ჟურნალისტებისთვის მიცემული ინტერვიუ გაიხსენა: ,,ჩვენ უნდა ვისაუბროთ და პრობლემები გადავწყვიტოთ“. ”ჩვენ გამარჯვებული მხარე ვართ და აქედან უნდა გამოვიდეთ. აფხაზეთის დამოუკიდებლობის და ტერიტორიული მთლიანობის საკითხი გადახედვას არ ექვემდებარება. საქართველომ ძალის არ გამოყენების ვალდებულება უნდა აიღოს საკუთარ თავზე“, – აღნიშნა ბჟანიამ. ბჟანიას განცხადებით, უნდა გაგრძელდეს ჟენევის ფორმატი. თავის მხრივ, ადგურ არძინბამ ბჟანიას შეახსენა, რომ აფხაზეთის ე.წ პირველი პრეზიდენტი ვლადისლავ არძინბა საქართველოსთან დიალოგზე საუბრობდა აფხაზეთის ბლოკადის დროს და დაამატა, რომ საქართველო ცდილობს განახორციელოს აფხაზეთის ეკონომიკური ანექსია. ,,საქართველოში მოქმედებს “კანონი” ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ”. ჩვენ არ უნდა დაგვავიწყდესს ეს. ამ კანონის თანახმად, როგორც ასლანი, ასევე, მე კრიმინალები ვართ. როგორ შეგვიძლია დიალოგის წარმართვა საქართველოსთან ასეთ პირობებში?” – განაცხადა ადგურ არძინბამ. არძინბას თქმით, არსებობს პრაქტიკული საკითხები, რაც ქართველებმა უნდა გააკეთონ. ,,ეს ასევე ეხება ვაჭრობას საქართველოსთან. დღეს რომ კონტრაბანდა არსებობს, მე ამას არ გამოვრიცხავ. მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ თუ შენ არ შეგიძლია მისი შეჩერება,  შენ უნდა იდგე მის სათავეში“. რაც შეეხება რუსეთთან ურთიერთობის საკითხებს, ადგურ არძინბა არ ეთანხმება ასლან ბჟანიას. ,,მე არ მგონია, რომ ჩვენ გადავეცით ჩვენი სუვერენიტეტის ნაწილი რუსეთს, პირიქით, რუსეთის მონაწილეობამ და ხელშეკრულებებმა, რომლებიც უმეტესწილად მიღებულ იქნა ბაღაფშის პრეზიდენტობის დროს, გააძლიერა ჩვენი სუვერენიტეტი“- განაცხადა ადგურ არძინბამ. არძინბამ აღნიშნა, რომ ბევრი საკითხს, მათ შორის აფხაზეთის აღიარების საკითხს სხვა სახელმწიფოების მხრიდან, აფხაზეთი წყვეტს რუსეთთან კოორდინაციით. ,,ჩვენს გვყავს სტრატეგიული პარტნიორი – რუსეთის ფედერაცია. მე მადლობელი ვარ რუსეთის მხარდაჭერის, ვლადიმერ პუტინის პერსონალური პოზიციის“-აღნიშნა ადგურ არძინბამ.

Shako Sardalishvili

მსგავსი პოსტები