აფხაზეთში ტურსიტული სეზონის პრობლემები და შედეგები

აფხაზური პრესის სტატიაში გამოყენებული ტერმინები და სახელწოდებები, ასევე ფაქტების კონსტანტაცია აფხაზური პრესიდან უცვლელადაა გადმოტანილი და ის არ ასახავს სტატიის ავტორისა და მე-16 ელემენტის პოზიციას”.

28 ოქტომბერს ტურიზმის მინისტრმა თეიმურაზ ხიშბამ აფხაზეთის სახელმწიფო ტელე-რადიო კომპანიის პრეს-ცენტრში სტუმრობისას ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა. მან ისაუბრა ტურისტული სეზონის შედეგებზე, პანდემიის შედეგად შექმნილ პრობლემებსა   და მათი გადაჭრის გზებზე.

სტატისტიკა

სტატისტიკის სახელმწიფო დეპარტამენტისა და ტურიზმის სამინისტროს შიდა სტატისტიკის საფუძველზე, 2020 წლის 1 იანვრიდან 30 სექტემბრამდე ტურისტულ-ექსკურსიული ორგანიზაციები მოემსახურნენ 436 931 ადამიანს.  გაწეული ფასიანი მომსახურების რაოდენობამ შეადგინა 158 216 000 რუბლი. 2019 წელს ანალოგიურ პერიოდში მომსახურება გაეწია 706 224 ადამიანს,  ხოლო ფასიანი მომსახურების რაოდენობა 265 872 500 რუბლი იყო. 2019 წელთან შედარებით ზარალმა შეადგინა 107 656 500 რუბლი.

აფხაზეთსა და რუსეთში არსებული ტუროპერატორების ინფორმაციის საფუძველზე, 2019 წელთან შედარებით 2020 წლის იანვრიდან მარტის პერიოდში წინასწარი ჯავშნები უფრო მეტად იყო აქტიური, მაგრამ აღნიშნულ პროცესზე დიდი გავლენა იქონია პანდემიამ. საშუალოდ აფხაზეთში დაკარგული ჯავშნების პროცენტული მაჩვენებელი თვეების მიხედვით შემდეგნაირად გამოიყურება: მაისი – 30%, ივნისი – 60%, ივლისი – 70-80%.

2020 წელს საკურორტო საქმიანობის სფეროში გაწეული ფასიანი მომსახურების მოცულობამ შეადგინა 812 090 700 რუბლი. სეზონზე (აგვისტო-სექტემბერი) აფხაზეთის სანატორიუმ-საკურორტო ობიექტებსა და ტურისტულ ობიექტბში მომსახურება მიღო 585 744 ადამიანმა. 2019 წელს კი დამსვენებელთა რიცხვი 1 044 112 იყო.

2020 წელს სასტუმროებში, დასასვენებელ სახლებსა და პანსიონატებში დაისვენა 50 958 ადამიანმა. 2019 წელს კი კერძო სექტორის გამოკლებით დამსვენებელთა რაოდენობა 130 726 იყო.

რაც შეეხება საექსკურსიო ორგანიზაციებს, 2020 წელს მათი მომსახურებით ისარგებლა  534 786 ადამიანმა, ხოლო  2019 წელს – 913 386 ადამიანმა.

საზღვრების გახსნა

თეიმურაზ ხიშბას განცხადებით, საზღვრების გახსნას წინ უძღვოდა მრავალი ღონისძიება. სანიტარულ-ეპიდემოლოგიურ სამსახურთან და რუსეთის მომხმარებელთა უფლებების დაცვის და ადამიანთა კეთილდღეობის ზედამხედველობის ფედერალურ სამსახურთან ერთად სანიტარულ-ეპიდემოლოგიური რეკომენდაციების საფუძველზე შემოწმდა საცხოვრებელი ობიექტები.  კომისია კმაყოფილი დარჩა ობიექტების მდგომარეობით. ერთობილი მუშაობის შედეგს წარმოადგენდა შემუშავებული დოკუმენტი, რომელიც საფუძვლად დაედო საზღვრების გახსნის გადაწყვეტილებას. 1 აგვისტოს საზღვარი გაიხსნა სარკისებურ რეჟიმში – რუსეთისა და აფხაზეთის მხარეებისათვის მსგავსი პირობებით. აღნიშნულის შედეგად, 1 აგვისტოს დაიწყო ტურისტული სეზონი.

საზღვრების გახსნამ და თუნდაც დაგვიანებით დაწყებულმა ტურსიტულმა სეზონმა დადებითად იმოქმედა რესპუბლიკაში არსებულ ეკონომიკურ სიტუაციაზე. იმის გათვალისწინებით, რომ რუსეთს ჩაკეტილი ჰქონდა საზღვრები ბევრ ტურისტულ ქვეყანასთან, აფხაზეთს საკმაოდ დიდი რაოდენობით რუსები ეწვივნენ. ორი თვის განმავლობაში აფხაზეთს ესტუმრა 600 000 ტურისტზე მეტი, რაც წარმოადგენს სტაბილური წლიური მაჩვენებლის 50%-ს. ბევრი ტურისტული ობიექტი კი დღესაც განაგრძობს ტურისტების მიღებას.

თეიმურაზ ხიშბას განცხადებით, აღნიშნულ რთულ ვითარებაში საზღვრების გახსნა სწორ გადაწყვეტილებას წარმოადგენდა. იგი ეთანხმება ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის საგანგებო სიტუაციების პროგრამის აღმასრულებელი დირექტორის მაიკლ რაიანის განცხადებას, რომ საზღვრების დაკეტვა დამღუპველად მოქმედებს ქვეყნების ეკონომიკაზე და მას არანაკლები ეკონომიკური ზიანის მიყენება შეუძლია, ვიდრე თავად პანდემიას.

დამსვენებლების უსაფრთხოების უზრუნველყოფა

როგორც ხიშბამ განაცხადა, წინა წელთან შედარებით მიმდინარე წელს აფხაზეთის სტუმრების მიმართ ორჯერ ნაკლები მძიმე დანაშაული იქნა ჩადენილი. ყოველივე ეს კი განპირობებულია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ განხორციელებული ღონისძიებებით, რომლებიც  დანაშაულის პრევენციის მიზნით გატარდა. მინისტრმა შემთხვევით ისარგებლა და განხორციელებული სამუშაოებისთვის მადლობა გადაუხადა შინაგან საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელობასა და შემადგენლობას.

შიდა ტურიზმი

პანდემიამ, რომელმაც მთელი მსოფლიო მოიცვა, უარყოფითი გავლენა იქონია ტურიზმის ინდუსტრიაზე. კორონავირუსის ინფექციის გავრცელების გამო ტურისტებს არ ჰქონდათ საშუალება მოენახულებინათ აფხაზეთი მაისში, ივნისსა და ივლისში. სწორედ ამიტომ, აფხაზეთში წარმატებით განვითარდა შიდა ტურიზმი. აღნიშნულის ნათელი მაგალითია პანსიონატი „აუადჰარა“.  წინა წლის ზაფხულის სეზონთან შედარებით დამსვენებელთა რიცხვი გაორმაგებულია. ამასთანავე, წელს კოდორის ხეობაში გამაჯანსაღებელმა ცენტრმა დაიწყო ფუნქციონირება, რომელიც უკვე დიდი პოპულარობით სარგებლობს აფხაზეთის მოქალაქეებს შორის.

თეიმურაზ ხიშბა დარწმუნებულია, რომ შიდა ტურიზმი მომავალშიც არ შეანელებს განვითარების ტემპებს.

წყარო

Maru Mchedlishvili

მსგავსი პოსტები