ჩემი წარმოშობა

 ჩემი წარმოშობა

და მაინც, ვინ ვარ მე?

 იდენტობა ძალიან კომპლექსური რამაა. მას განაპირობებს როგორც წარმოშობა, ის თუ სად დაიბადე, ასევე ადამიანის გარემოცვა, აღზრდა, რა წიგნებს კითხულობდა, რა ინფორმაციას იღებდა, მისი ცხოვრებისეული გამოცდილებები, სად მოგზაურობდა, სად ამოიდგა ენა. ავიღოთ 1 მეგრულდაბოლოებიანი გვარის მატარებელი 3 ადამიანი: ერთი აფხაზეთში ცხოვრობს, თავი აფხაზად მიაჩნია და საქართველოსგან აფხაზეთის დამოუკიდებლობას უჭერს მხარს, მეორე თბილისში ცხოვრობს, თავს ქართველად მიიჩნევს ისე, რომ საქართველოს არცერთ კუთხის მკვიდრად არ აღიქმება, მესამე კი სამეგრელოში ცხოვრობს, მეგრულ ენასაც ფლობს და თავსაც მეგრელად გრძნობს. „ია“ დაბოლოებული გვარის ერთმა მატარებელმა, დადებით პასუხში დარწმუნებულებმა, ისე მაინც, დაზუსტებისთვის რომ ვკითხეთ, თქვენ ხომ მეგრელი ხართო, მხნედ განგვიმარტა, რომ გურულია სისხლით ხორცამდე. ქართულ–აფხაზურ შეხვედრებზეც გვარები ხშირად იწვევს დაბნეულობას და დისკუსიას: ქართველები ვერ იგებენ, რატომ „აფხაზობენ“ ასე ძალიან ქართული ჟღერადობის გვარების მატარებელი მონაწილეები, აფხაზები კი „მოღალატეებად“ მიიჩნევენ ქართული მხარიდან წამოსულ საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე დაბადებულ–გაზრდილ, მაგრამ აფხაზური წარმოშობის გვარის მატარებლებს. იდენტობის კონფლიქტი და დაპირისპირება მხოლოდ საქართველოსთვის როდია დამახასიათებელი. იგივე ხდება აფრიკაშიც. ზოგიერთ აფრიკულ ქვეყანაში ევროპელი კოლონისტები პირველად 5 საუკუნის წინ გამოჩნდნენ. ისინი იქ დაფუძნდნენ, მათი შთამომავლობის ათეულობით თეთრკანიანი თაობები დაიბადა, გაიზარდა და მოკვდა აფრიკის კონტინენტზე. ბევრი ასეთი თეთრკანიანი ადგილობრივ ენებსაც წყალივით ფლობს და თავისი ცხოვრების მანძილზე არც გასულა აფრიკის კონტინენტს მიღმა. თავსაც აფრიკელებს უწოდებენ. თუმცა ამის გამო ადგილობრივი შავკანიანი მოსახლეობის მიერ ირიყებიან, ახსენებთ რა მათი კანის ფერი მათს უცხოობას, ჩამოსულობას. ევროპელებიც უცხოებად მიიჩნევენ თეთრკანიან აფრიკელებს, რადგან ისინი უკვე ევროპულისგან სულ განსხვავებულ კულტურაში სოციალიზდნენ და საერთო აღარაფერი აქვთ იმ ქვეყნებთან, საიდანაც საუკუნეების წინ წავიდნენ მათი შორეული წინაპრები.

 სადაური ხარო, რომ მეკითხებიან, ყოველთვის განსხვავებულად ვპასუხობ ხოლმე, რადგან სრული პასუხის გასაცემად საკმაოდ გრძელი ისტორიის მოყოლა მომიწევდა, არადა ამის დრო ყოველთვის არ არის. ჩემს ოჯახში ბაბუის (მამაჩემის მამის) გარდა მთელი ცხოვრება არავის არ გაუტარებია ერთ რომელიმე დასახლებაში. მამა ბაღდათში რომ გაიზარდა, დაოჯახების შემდეგ ქუთაისში გადავიდა დედასთან საცხოვრებლად და სამუშაოდ, მე სასკოლო ასაკს რომ მივაღწიე კი ხელმეორედ მოუწია გადასახლება, ამჯერად თბილისში. დედაც ანალოგიურად: ქუთაისში კი გაიზარდა, მაგრამ უკვე ზრდასრულ ასაკში თბილისში გადმოსახლდა ჩემს სკოლასთან. მეორე ბაბუაც, მამით ლეჩხუმელი, მისი მშობლების განქორწინების შემდეგ ბაღდათში იზრდებოდა, სამუშაოდ კი ქუთაისში გადავიდა. 1 ბებია ზესტაფონიდან ბაღდათში გადავიდა საცხოვრებლად დაოჯახების შემდეგ, მეორე კი საერთოდაც რუსეთიდან გადმოსახლდა ქუთაისში, ახლა კი, სიბერეში, ისევ შეიცვალა საცხოვრებელი ადგილი და თბილისში გადმოვიდა ჩვენთან. მეც ბავშვობა ქუთაისში გავატარე, სკოლაში სწავლის დაწყების შემდეგ კი ნელნელა თბილისისკენ გადმოვედი. ასე რომ არც „თბილისელის“, არც „ქუთაისელის“ არც სხვა რომელიმე დასახლების მკვიდრობის, „ხოხბის შთამომავლობის“ სტატუსი და ქართულ რეალობაში მისგან გამომდინარე, მასთან შეჭიდული პრივილეგიები და სოციალური კაპიტალი არ მაქვს.

მართალია, მეც და ჩემი მშობლებიც ბაღდათში დავიბადეთ, მაგრამ მე პირადად იქ მხოლოდ მაქსიმუმ რამდენიმე კვირით ჩავდიოდი ხოლმე ბებია–ბაბუასთან. ისიც ღრმა ბავშვობაში. მამაჩემი თავს დღესაც ბაღდათელად მიიჩნევს და ამას ყველას გასაგონად ამბობს, მე კი, რომ მკითხოთ, ბაღდათის გამგებელი და მაჟორიტარი დეპუტატი ვინაა, ის აღარ ვიცი. ქუთაისში კი ვიზრდებოდი 8 წლამდე, მაგრამ ვერც ქუთაისური კოლორიტი   დამკრავს: ყოველწლიურად რამდენიმე თვით რუსეთში მივდიოდი იქიდან სამკურნალოდ. დედა და ბებია ქართულს ვერ ფლობენ, ამიტომ სახლში ყოველთვის რუსულად ვლაპარაკობდით. რუსულ ზღაპრებს მიკითხავდნენ. დღესაც, საზოგადოებრივ თუ პოლიტიკურ ცხოვრებაში რომელიმე ადამიანს ან მოვლენას ქართული ხალხური ზღაპრების პერსონაჟებს რომ ადარებენ, ვერ ვიგებ ხოლმე, ამ შედარებების არსს. თბილისში ჩემი ცხოვრების ნახევარზე მეტი გავატარე. თუმცა ეს პერიოდი ჯერ სკოლა–პანსიონში ვსწავლობდი, სადაც უამრავი ჩემსავით რეგიონიდან ჩამოსული ბავშვი იყო და ამიტომ არავინ „თბილისელობდა“, მერე   კი– უნივერსიტეტში, სადაც ასევე საკმაოდ ინტერკუთხური საზოგადოება ტრიალებს.

             ჩემი რუსულენოვნება, სკოლის ასაკში ქართულად რუსული აქცენტით რომ ვლაპარაკობდი, ძალიან არ მომწონდა. მაქსიმალისტი ვარ. 2 ეროვნებიდან 1 უნდა ამერჩია, თავს რომელსაც მივაკუთვნებდი. სახლშიც ქართულად დავიწყე ლაპარაკი, ენა განუწყვეტლივ რომ გამომეყენებინა. დედა რუსულად კი მპასუხობს, მაგრამ ქართული ესმის, უბრალოდ ვერ ლაპარაკობს. მამისთვის ქართულზე გადაწყობა პრობლემას არ წარმოადგენდა. ის, რომ დღეს ვინმეს სპეციალურად თუ არ ვუთხარი, რუსული რომ ვიცი, ისე ვერ ხვდებიან, ჩემი მონდომების შედეგია, რაც მეამაყება. რახან ქართველობა ავირჩიე, „სადღაცაური“ ქართველიც უნდა ვყოფილიყავი. რაღაცა პერიოდი მიზანმიმართულად იმერული ლექსიკითა და მახვილებით დავიწყე ქართულად ლაპარაკი, რაზეც ერთმა მასწავლებელმა შენიშნა, რომ რუსულ აქცენტს კიდევ დამატებული დასწავლილი იმერული უცნაურად ჟღერდა. ბოლოს ამას მოვეშვი და გრამატიკის წესებით ნასწავლ, ნეიტრალურ, ენას დავუბრუნდი. ერთ მეგობარს სასაცილოდ არ ეყო, რომელი ქუთაისელი შენ მყავხარო, მითხრა.

თავიდან გული მწყდებოდა, რომ ბოლომდე ვერცერთ რეგიონს თავს ვერ ვაკუთვნებდი. თუმცა თანდათან შევნიშნე, რომ იდენტობის ძიებაში მარტო არ ვარ. საერთოდ ნელნელა ყალიბდება ასე ვთქვათ, პანქართველთა თაობა. ჩემი ტოლი ახალგაზრდები, რომელთა მშობლებიც და თვითონაც ბევრს მოგზაურობენ საქართველოს გარშემო, ხშირად გადადიან 1 კუთხიდან, 1 დასახლებიდან მეორეში სასწავლებლად, სამუშაოდ, დასასვენებლად, გასართობად, მეგობრების სანახავად; გაიზარდნენ რეგიონული ან ეროვნული თვალსაზრისით შერეულ ოჯახებში, აქვთ მრავლობითი იდენტობა, რომლებიდან ერთისთვის უპირატესობის მინიჭება უჭირთ და წვალობენ; ტრიალებენ ინტერკუთხურ, ინტერრეგიონულ გარემოში (როგორიცაა უნივერსიტეტი ან მსხვილი კომპანიები). ამ ადამიანებს, ჩემი არ იყოს, უჭირთ თქმა, ზუსტად სადაურები არიან. ამის გამო თავის თავთანაც აქვთ კონფლიქტი და– გარე სამყაროსთანაც. ადგილობრივ ელიტებში მოხვედრა, იქ თავის დამკვიდრება, დაფასებისა და აღიარების მოპოვება უჭირთ. მათ „ჩამოთრეულებს“ ეძახიან. (ჩვენ ხომ ის საზოგადოება ვართ, აფხაზეთიდან დევნილებს როგორც უცხოებს, ისე რომ შევხვდით) ამიტომ ერთმანეთთან უფრო კარგად ურთიერთობენ, უფრო მეტად უგებენ და იღებენ. მეც, მაგალითად, რომ დავაკვირდი, ჩემი მეგობრებიც ასევე რეგიონებიდან ჩამოსულები არიან ყველანი. ერთისმხრივ ჩვენ თითქოსდა ყველა რეგიონში უცხოები ვართ, ტურისტები, მომნახველები, საქმეზე ჩასულები, მეორესმხრივ კი ყველგან შინაურები ვართ, რადგან კუთხეებს შორის არსებულ განსხვავებაზე ვერ მიგვითითებენ. სადაც ჩავალთ, ქართულად დაგველაპარაკებიან და ჩვენს კილოზე ვერ დაასკვნიან „აგე ქუთაისელი აფერისტი“. ასეთი პანქართველები ნელნელა იკავებენ საზოგადოებაში თავიანთ ნიშას, ადგილს, ხდებიან რა უფრო მრავალრიცხოვანნი. მათდამი მკვიდრი ელიტების ნეგატიური დამოკიდებულება, ზემოდან ყურება, თუ საზოგადოებრივი ცნობიერებისა და თანასწორობის ღირებულებების ამაღლებას ხელი მიზანმიმართულად არ   შეუშალეს, განელდება. ისინი გახდებიან მოსახლეობის კრიტიკული მასა.

Esma Gumberidze

მსგავსი პოსტები

ზედა პანელზე გადასვლა