დემოგრაფიული მდგომარეობა აფხაზეთში

 დემოგრაფიული მდგომარეობა აფხაზეთში

დემოგრაფიული სტატისტიკა, გარკვეულ წილად, ყოველთვის წარმოადგენდა პოლიტიკური სპეკულაციების საგანს,რადგან ეს მონაცემები ნათლად ასახავენ  არა მხოლოდ განსახლების სოციალურ-ეკონომიკურ თუ სოციალურ-პოლიტიკურ მდგომარეობას, არამედ განვითარების ტენდენციებსაც. ხშირად, ისტორიული ხასიათის მსჯელობებისას მტკიცებულებად თუ არგუმენტად სწორედ დემოგრაფიული აღწერის მონაცემებს იშველიებენ. შესაბამისად, ხდება ამ მონაცემებით თამაში და გაყალბებაც კი.

აფხაზეთი დემოგრაფიულ კრიზისში რომ იმყოფება, ამაზე არავინ დაობს, მათ შორის, დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლებიც. ჯერ კიდევ  2013 წელს აფხაზეთში გამართულ დისკუსიაზე , ექსპერტთა ფონდმა „აინერმა“ მომდევნო 10 წელიწადში აფხაზეთის მოსახლეობის 10-დან 30 %-მდე შემცირება ივარაუდა. აფხაზეთში მოსახლეობის შემცირებაზე გავლენას ახდენს  სხვადასხვა სოციალურ-ეკონომიკური ფაქტორები; განსაკუთრებით საყურადღებოა ნარკომანიისა და აივ ინფექციის გავრცელების მაღალი მაჩვენებელი. საგრძნობლად დიდია ალკოჰოლიზმზე დამოკიდებულება და დეპრესიული ფონი.

განსაკუთრებით რთულია,  ტენდენციების დადგენა თუ როგორ შეიცვალა მოსახლეობის რაოდენობა აფხაზეთის ტერიტორიაზე ომის შემდგომ პერიოდში განსაკუთრებით რთულია ომისშემდგომი პერიოდის ტენდენციების და დინამიკის დადგენა, რადგან.   ყველა მხარეს განსხვავებული მონაცემები აქვს წარმოდგენილი კონკრეტულ პერიოდებში. განსაკუთრებით ძნელად მისაკვლევია ბოლო წლების ზოგადი სურათი და სტატისტიკური მონაცემები, მიუხედავად მათი სანდოობის ხარისხისა.  

1989 წლის  სრულიად საკავშირო აღწერის მონაცემებით  აფხაზეთში 535,634 მოსახლე ცხოვრობდა. დე-ფაქტო ხელისუფლების ცნობით მოსახლეობის რაოდენობა 2011 წლისთვის  242, 826-ს არ აღემატებოდა. თუმცა, ამ მონაცემებს ოფიციალური თბილისი სანდოდ არ მიიჩნევს. საქსტატმა 2003 წელს ივარაუდა, რომ რეგიონში 179 000 ადამიანი ცხოვრობდა,  ხოლო 2005 წელს კი – 178 000. გაეროს განვითარების პროგრამა 1998 წელს 180 000-ისა და 220 000-ის შუალედში ვარაუდობდა, ხოლო საერთაშორისო კრიზისების ჯგუფის მიხედვით 2005 წელს აფხაზეთის მოსახლეობა 157 000-სა და 190 000-ს შორის მერყეობდა.

სარწმუნო მონაცემების არ ქონისა და აზრთა სხვადასხვაობის ფონზე,  რთულია აფხაზეთში მცხოვრები მოსახლეობის ეთნიკური შემადგენლობის დადგენა.  

1989 წელს ჩატარებული მოსახლეობის  საყოველთაო აღწერის მიხედვით, აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში მოსახლეობას ეთნიკურად ქართველი, აფხაზი, სომეხი, რუსი, ბერძენი, უკრაინელი, ბელორუსი, ებრაელი, ესტონელი, ოსი, თურქი, მოლდოველი, აზერბაიჯანელი, პოლონელი და ბოშა საქართველოს მოქალაქეები წარმოადგენდნენ.  საზოგადოებაში გავრცელებული აზრით კი, დღეს აფხაზეთის ტერიტორიაზე აფხაზებისა და ქართველების შემდეგ, შედარებით სიმრავლით გამოირჩევიან რუსები, სომხები და ცენტრალური აზიის ქვეყნების წარმომადგენლები. დე ფაქტო ხელისუფლების მიერ წარმოდგენილ 2011 წლის აღწერაში ქართველების რაოდენობა 19,2 % შეადგენს (46 367) , აფხაზების კი – 50.7%-ს (122 069).

ელეონორა ჭანია

მსგავსი პოსტები

ზედა პანელზე გადასვლა