დესტრუქციიდან კონსტრუქციამდე

 დესტრუქციიდან კონსტრუქციამდე

(ომი დამთავრდა. გეშინოდეთ მშვიდობის?)

ეს ისტორია გადარჩენის ამბით იწყება. სიტყვა „გადარჩენა“ თავისთავად იწვევს დადებით ასოციაციას. გაიფიქრეთ, რომ ყველაფერი კარგად გაგრძელდა? არა, ომების შემდეგ ასე არ ხდება. წარმოიდგინეთ იმ ათასობით ადამიანის მდგომარეობა, რომელთაც აღმოაჩინეს, რომ ქუჩაში აღმოჩდნენ   საკვების, ტანსაცმლის, მედიკამენტების და ყველა საჭირო ნივთის გარეშე. ალბათ, ყველამ ერთი და იგივე კითხვა დაუსვა საკუთარ თავს: ეს სინამდვილეა? არავის შეეძლო ეთქვა – ცუდი სიზმარია, გაიღვიძებთ და ყველაფერი ძველებურად იქნებაო. 

აპათია, უიმედობა, სასოწარკვეთა, მომავლის შიში – იმ შეგრძნებათა არასრული ჩამონათვალია, რაც ომის შემდგომ მდგომარეობას ახასიათებს და ადამიანები მასთან გამკლავებას სხვადასხვა გზებით ცდილობენ. აფხაზეთის ტრაგედიის შემდეგ დევნილთა ნაწილს სიმართლის მიღების გამბედაობა აღმოაჩნდა, მათ უკეთეს ცხოვრებაზე დადეს ფსონი და ცხოვრებასთან ბრძოლა განაგრძეს.  თუმცა, უმეტესობამ არასასურველი რეალობა აირიდა და მომავლის ნაცვლად, წარსულის იდილიაზე დაიწყო ფიქრი. ეს ყველაზე ცუდი ალტერნატივაა, რადგან უცნაურ ფიქრს გიღვიძებს – თითქოს, დროს უკან დაბრუნდება შეეძლოს და წარსულთან შეხვედრის მოლოდინით ბედთან შეგუებას გასწავლის. დამეთანხმებით, უცნაური ფენომენია. 

ომის შემდეგ ორ ათეულ წელზე მეტი გავიდა და ამ დროის მანძილზე ყველამ ვისწავლეთ რაღაც, გამბედავებმა საკუთარი გამბედაობის სიყვარული, გაუბედავებმა – ტკივილებიდან გამოღვიძება. ერმა კი, თითქოს მენტალური ზრდა დაიწყო – ჭაობიდან წამოდგა და ახალი გზების ძიებას შეუდგა. მოძებნა კი? სათუოა, თუმცა მცდელობებიც იმსახურებს აღნიშვნას. 

პირველი მცდელობა ის იყო, რომ საზოგადოებაში კრიტიკული აზროვნება გაჩნდა. ღიად დაიწყო იმაზე საუბარი – რა აზიანებს ჯგუფურ ინტერესებს და რა არა? ამას მოჰყვა ჯანსაღი მსჯელობები და დებატები. კითხვებზე პასუხების ძიება კი, წინგადადგმული ნაბიჯია და პროგრესზე მიუთითებს. ხალხმა თანდათან ირწმუნა სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების იდეის. დაახლოებით, ათი წლის წინ ამ ცნების იმდენ ინტერპრეტაციას გადააწყდებოდით, რომ აზრის გამოტანა გაგიჭირდებოდათ. ახლა კი, საერთო შეთანხმებაც შესამჩნევია. რა თქმა უნდა, ვიდრე ამ მონაპოვარის პრაქტიკაში გამოყენებას დავიწყებდით, უამრავი გაუგებარი მოვლენა მოხდა, მათ შორის რელიგიასთან დაკავშირებული პროტესტი და  თაობათა ომი, რომელიც ახლაც გრძელდება.

თუკი თითოეულ მცდელობას შევხედავთ, როგორც ინსტრუმენტს – როგორ შეიძლება მათი გამოყენება მშვიდობის მშენებლობის პროცესში? 

მშვიდობის შენება ძველის  დანგრევას და ზემოდან ახალი კონსტრუქციების დაშენებას არ გულისხმობს. საძირკველი, რომელიც მშვიდობიანი თანაცხოვრების საერთო მოგონებებს  ინახავს, მყარი ფუნდამენტია დიალოგის დასაწყებად. მაგრამ, სიბრიყვეა დიალოგის დაწყება მხოლოდ ამ საძირკველის იმედად, რომელიც პოზიტიურთან ერთად ნეგატიურ მოგონებებსაც  შეიძლება შეიცავდეს. უმნიშვნელოვანესია, ამ პროცესში კრიტიკულად შევხედოთ მოვლენებს და ვაღიაროთ, რომ ომის შედეგად ადამიანურ თუ მატერიალურ დანაკარგს იღებს მეორე მხარეც. ამ თემაზე მსჯელობას შეიძლება მოყვეს იმის გაანალიზებაც, რომ ომი დესტრუქციული ძალის გამოვლინებაა და ანგრევს ათასობით ადამიანის ცხოვრებას. მნიშვნელოვანია ამ თემაზე ღია საუბრის დაწყება და მშვიდობის მშენებლობამდე მისასვლელი გზების გაკვალვა.

მშვიდობის აუცილებლობას მხოლოდ მაშინ ვიაზრებთ, როდესაც ის არ არსებობს. უამრავი ადამიანური ტრაგედიის, ნასახლარის, გადამწვარი და განადგურებული გარემოს ფონზე სიტყვა „მშვიდობა“ ბოლოა, რამაც შეიძლება  ფიქრად გაიელვოს. მაგრამ, ყველაფერს – მათ შორის კონფლიქტებსაც აქვს ხანგრძლოვობის ვადა. ხოლო საზოგადოება, რომელიც ვერ ახერხებს დაუბრუნდეს თავის ძველ სახეს და განაგრძოს განვითარება უკეთესისკენ, დეგრადაციას განიცდის. განვითარების პროცესში თანდათან იკვეთება საჭიროებები, რომელსაც სოციუმი კარნახობს და რომელიც მოსახლეობის უკეთესს მომავალს განაპირობებს, მათი საუკეთესო ინტერესის  გათვალისწინებით. იდეალურ სურათში, კონფლიქტის ყველა მხარე დროულად იაზრებს მშვიდობის აუცილებლობას, ყველაზე საშინელ შემთხვევაში კი კონფლიქტის მხარეები არათანაბრად ვითარდებიან და არსებობს მესამე მხარის ფაქტორიც, რომელიც არა თუ ხელს უწყობს დიალოგს, არამედ ყველა შესაძლებლობას იყენებს, რომ დიალოგის პერსპქტივა არ არსებობდეს. 

როგორ უნდა მოვიქცეთ ამ დროს?

ჩვენ, რა თქმა უნდა, ილუზიებით არ უნდა ვიკვებოთ და რეალურად შევხედოთ ყველაფერს. ომიდან რამდენიმე ათეული წლის შემდეგ,  ყველა მხარემ თავის ისტორია დაწერა/განაახლა და ახალი ნარატივების პოპულარიზებას მცდელობები არ დააკლო – ეს მოსალოდნელიც იყო. დარჩა კი ამ ნარატივებში მშვიდობის ადგილი? ეს გამოსაკვლევია. მაგრამ ჩვენი ეპოქის ყველაზე დიდი საჩუქარი სიტყვის თავისუფლებაა, ამიტომ შეგვიძლია ალტერნატიულ ნარატივებზეც ვისაუბროთ. ახალგაზრდული ინიციატივები, ჩამოყალიბებული და გააზრებული იდეები რომელიც ახალ თაობას გააჩნია დიდი რესურსია მომავლისთვის. 

ომის შემდეგ მშვიდობის დაწყებას ყოველთვის ახლავს შიში და უნდობლობა, რადგან ომი არ მთავრდება მაშინ, როდესაც დაპირისპირებული მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებას აღწევენ. ყველაზე ძლიერი და რთულად მოსაგები ბრძოლა ადამიანის გონებაშია. ამიტომ ჭირდება ათეული წელიწადები მეხსიერების „განელებას“ და მშვიდობის მშენებლობაში პირველი აგურების დადებას. 

რუსკა ეფაძე

რუსკა ეფაძე

მსგავსი პოსტები

ზედა პანელზე გადასვლა