ევა კორი, რობერტო ბენინი და პატიება, როგორც თერაპია

პატიების უპირველესი მიზეზი შეიძლება ეგოისტურადაც ჟღერდეს, ვპატიობთ იმისთვის, რათა თავი უკეთესად ვიგრძნოთ, ვიპოვოთ სიმშვიდე. მიზეზის პოვნაზე რთული თვითონ პატიების პროცესია, რაც შერიგების პროცესის აუცილებელი წინაპირობაა.

ევა კორი ჰოლოკოსტს გადარჩენილი რუმინელია. ევა და მისი და, მირიამი მენგელის გახმაურებული ექსპერიმენტების მონაწილეები იყვნენ. აუშვიცს გადარჩენილმა ევამ მთელი ცხოვრება ჰოლოკოსტის შესახებ ადამიანების ცნობიერების ამაღლებას მიუძღვნა.

ევა კორმა საყოველთო ცნობადობა მას შემდეგ მოიპოვა, რაც განაცხადა, რომ აპატია ნაცისტებს ის ყველაფერი, რაც მას და მის დას გაუკეთეს.

„იმ დღეს, როდესაც ვაპატიე ნაცისტებს, ვაპატიე ჩემს მშობლებსაც, ვინც მთელი ცხოვრების განმავლობაში მძულდნენ იმის გამო, რომ აუშვიცისგან ვერ დამიხსნეს. ბავშვები ელოდებიან, რომ მშობლები მათ დაიცავენ, ჩემებმა კი ეს ვერ შეძლეს. მე ჩემს თავსაც ვაპატიე მშობლების სიძულვილი“, – ევა კორი.

ბრაზი და სიძულვილი, რასაც ტრამვა გვიგროვებს და გვილექავს მეხსიერებაში, თვალსაჩინოა, რამდენი სახის ურთიერთობაში ვლინდება. ზოგჯერ გრძნობა, რაც გვაქვს ჩვენ თვითონ გვთრგუნავს და საკუთარ თავთან წინააღმდეგობის მიზეზიც ხდება, ზოგჯერ განცდა იმდენად არაჯანსაღია, რომ საკუთარი თავის მიმართ ჩნდება ბრაზი და სიძულვილი. სამწუხაროდ, ომი არაფრით ჰგავს რობერტო ბენინის ფილმს „ცხოვრება მშვენიერია“ და არც ჯოშუასავით იღბლიანი ბავშვი მინახავს რეალურ ცხოვრებაში.

კაცმა არ იცის გვიდო ორეფიჩეს რომ ეცოცხლა სად წაიღებდა იმ სასოწარკვეთას, რასაც ადამიანები და განსაკუთრებით საკონცენტრაციო ბანაკში შვილით გამწესებული მამები განიცდიან. ალბათ, გაიღიმებდა და მხრებიდან მტვერივით ჩამოიფერთხავდა სასოწარკვეთასაც, შიშსაც და უიმედო განცდების მოგონებებსაც.

„ეს რა ადგილია? რა მშვენიერია: მტრედები დაფრინავენ, ქალები ციდან ცვივიან. აქ გადმოვდივარ!“     

სინამდვილე ისაა, რომ სიკვდილის მოლოდინში, თუნდაც უძვირფასესის, შვილის დასაცავად იმ განწყობის შექმნა, რაც გვიდომ შექმნა, შეუძლებელი მოცემულობა მგონია, თუმცა პატიებისთვის საკმარისი შინაგანი ძალა ყველას გვაქვს. საკუთარი თავი არ უნდა გვემეტებოდეს მთელი ცხოვრების განმავლობაში ტონობით მტკივნეული ტვირთის საზიდად და შურისძიების გეგმების დასასახად.

„ბევრი ადამიანისთვის საპატიებლად დიდი დაბრკოლება არსებობს, რადგან საზოგადოება მათგან რევანშს ელის. ჩვენ პატივი უნდა ვცეთ მსხვერპლებს, მაგრამ ყოველთვის მაინტერესებდა ჩემს გარდაცვლილ ახლობებს სურთ, რომ სიბრაზით და ტკივილით ვიცხოვრო? ზოგიერთი გადარჩენილს არ სურს ტკივილის გაშვება.  ისინი მე მოღალატეს მიწოდებენ და ამბობენ, რომ მე მათი სახელით ვსაუბრობ, თუმცა მე ეს არასდროს გამიკეთებია. მიტევება პიროვნული ქიმიოთერაპიაა – მე ამას საკუთარი თავისთვის ვაკეთებ“, – ევა კორი.

ქიმიოთერაპიის მიზანი ავთვისებიანი უჯრედების განადგურებაა. ევა კორის შედარება, ჩემი აზრით, სწორად და ზუსტად ხსნის პატიების მიზეზებს – მოიშორო თავიდან ის, რაც თანდათან განადგურებს და გკლავს. ქიმიოთერაპიის, ისევე, როგორც პატიების პროცესი თავისთავად რთული და მტკივნეულია, მაგრამ  სასიცოცხლოდ აუცილებელი.

Gvantsa Seturidze

მსგავსი პოსტები