განათლების სისტემა აფხაზეთში

 განათლების სისტემა აფხაზეთში

1993 წელს აფხაზეთში შეიარაღებული კონფლიქტის დასრულების შემდეგ დე-ფაქტო აფხაზეთის მთავრობამ მიიღო რუსულ საგანმანათლებლო სტანდარტებზე  გადასვლის  გადაწყვეტილება (Сайт Абхазии). თუმცა, დღეს როგორც თავად აფხაზები აღნიშნავენ განათლების სისტემა აფხაზეთში საბჭოთა სისტემის დონეზეა. ცვლილებები ძალიან ნელა და მტკივნეულად მიმდინარეობს. ეს განპირობებულია სპეციალისტების ნაკლებობით განათლების დარგში და დაბალი მატერიალური ბაზით. თუმცა, რეფორმები ეტაპობრივად გრძელდება და იწყება სკოლამდელი საგანმანათლებლო დაწესებულებებით (Сайт Абхазии).

განათლების დარგში „სახელმწიფო“ პოლიტიკა ეფუძნება „აფხაზეთის რესპუბლიკის“ ძირითად საკანონმდებლო დებულებებს − „აფხაზეთის რესპუბლიკის კონსტიტუციას“, რომელიც აძლევს მოქალაქეებს განათლების მიღების უფლებას (Конституция Республики Абхазия 1994, 2).

აფხაზური კანონმდებლობით, განათლებისა და სწავლების “ოფიციალური” ენა აფხაზური და რუსულია. თუმცა, აფხაზეთის სხვა ეროვნების მოქალაქეს უფლება აქვს განათლება მშობლიურ ენაზე მიიღოს (Закон Республики Абхазия 2007, 3-4).

ე.წ. „აფხაზეთის რესპუბლიკის განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო“ წარმოადგენს „აფხაზეთის რესპუბლიკის სახელმწიფო მმართველობის ცენტრალურ ორგანოს“, რომელიც ატარებს „სახელმწიფო“ პოლიტიკას და ახორციელებს განათლებისა და მეცნიერების სფეროს მართვას

სკოლამდელი განათლება აფხაზეთში

სკოლამდელი განათლება აფხაზეთში 2-დან 5 წლამდე ბავშვების განათლებას/აღზრდას გულისხმობს. 2008 წლიდან 2015-მდე საბავშვო ბაღის აღსაზრდელთა რაოდენობა აფხაზეთში გაიზარდა 2072-დან 4390-მდე. შესაბამისი საგანმანათლებლო დაწესებულებების რაოდენობა 23-დან 36-მდე. (Управление Государственной Статистики Республики Абхазия).

აფხაზური მხარის ინფორმაციით, 2010-2012 წლებში დაიწყო სკოლამდელი საგანმანათლებლო დაწესებულებების აღდგენის პროცესი, რაზეც საკმაოდ დიდი ბიუჯეტი გამოიყო. ამის მიუხედავად, დღემდე პრობლემად რჩება არასაკმარისი საბავშვო სკოლამდელი დაწესებულებების რაოდენობა, რაც თავის მხრივ, უარყოფით გავლენას ახდენს საშუალო განათლების ხარისხზე (Центр Стратегических Исследований при Президенте Республики Абхазия  2015, 33-34).

საბავშვო ბაღი აფხაზეთში „სახელმწიფო“ ტიპისაა, თუმცა სოხუმში ლიცენზიის გარეშე ფუნქციონირებს კერძო ბაღებიც (ApsnyLIFE 2016).

რაც შეეხება საბავშვო ბაღებს გალის რაიონში (გალის (2), საბერიოს (2), მზიურის, ოქუმის, სიდის და ზემო ბარღების საბავშვო ბაღები) სასწავლო პროცესი ქართულ ენაზე დაშვებული არსად არ არის აქ (ზურაბაშვილი  2016, 14).

საშუალო ზოგადი განათლება

აფხაზეთის ე.წ. „განათლების სახელმწიფო სისტემა“ დაფუძნებულია საყოველთაო, სავალდებულო (განსაზღვრულ ფარგლებში) სწავლების პრინციპზე. პირველიდან მეცხრე კლასამდე შესაძლებელია არასრული საშუალო განათლების მიღება. ხოლო, სრული საშუალო განათლება მოიცავს 11 კლასის განათლებას. საშუალო ზოგადსაგანმანათლებლო პროგრამების დასრულების შემდეგ კურსდამთავრებულები იღებენ ატესტატს (Национальный Информационный Центр).

აფხაზეთის საშუალო განათლების სისტემაში მუშაობს 169 ზოგადსაგანმანათლებლო სკოლა (40 ქალაქის და 129 სოფლად) (Cухум-Курорт: Информационный Сайт Абхазии).

აფხაზური წყაროს 2012 წლის სტატისტიკური მონაცემებით, აფხაზეთში ფუნქციონირებს 62  აფხაზური სკოლა; 16  აფხაზურ-რუსული; 48  რუსული; სომხური − 32; ქართული − 11 (ზურაბაშვილი 2016, 13). თუმცა, 2015 წლიდან გალის 11 ქართულენოვან სკოლაშიც სწავლება რუსულ ენაზე გადაკეთდა (ბასილაია 2016).

სასკოლო დისციპლინებიდან განსაკუთრებული აქცენტი კეთდება „აფხაზეთის ისტორიის“, „აფხაზეთის გეოგრაფიის“, „აფხაზური ენის“ სწავლებაზე (ნეტგაზეთი 2017).

რაც შეეხება გალის რაიონის სკოლებს: 1992-1993 წლების სამხედრო მოქმედებებამდე, გალის რაიონის ტერიტორიაზე 58 ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება მოქმედებდა, სადაც 13180 მოსწავლეს 1638 მასწავლებელი ემსახურებოდა. ომის შემდგომ სპონტანურად დაბრუნებულმა მოსახლეობამ, საკუთარი ინიციატივით, 31 სკოლაში მოახერხა სასწავლო პროცესის აღდგენა (ზურაბაშვილი 2016, 6). გარკვეული პერიოდის შემდეგ, გალის რაიონის 20 სკოლა მთლიანად რუსულ სწავლებაზე გადაიყვანეს. დანარჩენ 11 სკოლაში კი, 2015-2016 სასწავლო წლიდან, სწავლება რუსულად გადაკეთდა (ბასილაია 2016). დე- ფაქტო აფხაზეთის განათლების მინისტრის მოადგილემ დიმიტრი გვარამიამ სააგენტო “სპუტნიკთან” საუბრისას განაცხადა, რომ აქამდე გალის დაბალის ზონის სკოლებში საქართველოს განათლების დეპარტამენტის სასწავლო პროგრამა მოქმედებდა, ვრცელდებოდა ქართული იდეოლოგია რაც მისი აზრით საფრთხეს უქმნის მათ „სახელმწიფოს“ და ასევე რის გამოც “ბავშვები მკაფიოდ იყვნენ ორიენტირებული განათლების საქართველოში მიღებაზე” (ბასილაია 2016). უნდა აღინიშნოს ისიც, რომ აფხაზური კანონმდებლობით გათვალისწინებული უფლებები განათლების მშობლიურ ენაზე მიღებასთან დაკავშირებით, მეტნაკლებად უზრუნველყოფილია აფხაზეთში მცხოვრები სხვა ეთნიკური ჯგუფებისთვის; აფხაზების მიერ, 2011 წელს ჩატარებული სტატისტიკური აღწერის მონაცემებით, ეთნიკური ქართველების რაოდენობა 46000, ხოლო სომხების 42000-ია. მოსახლეობის რიცხობრივი უპირატესობის მიუხედავად, სომხურენოვანი სკოლების რაოდენობა სამჯერ აღემატებოდა ქართულენოვანი სკოლების რაოდენობას (ზურაბაშვილი 2016, 14).

კერძო სკოლები, ლიცეუმები, სკოლა-ინტერნატები:

აფხაზეთში ფუნქციონირებს ორი „არასახელმწიფო“ კერძო სკოლა (“Альфа” და “Свет” (სოხუმში)).

ლიცეუმებიდან და სკოლა-ინტერნატებიდან ცნობილია: აფხაზეთის სახელმწიფო ლიცეუმ-ინეტრნატი, გაგრის სკოლა-ინტერნატი, ოჩამჩირის სკოლა-ინტერნატი, კალდახუარის სკოლა-ინტერნატი (Cухум-Курорт: Информационный Сайт Абхазии). აღნიშნულ სკოლა-ინტერნატებში ძირითადად იღებენ ისეთ ბავშვებს ვისაც მშობლები ომში დაეღუპათ. ასევე, მრავალშვილიანი ოჯახის ან ხელმოკლე მშობლების ბავშვებს (Пачулия 2011).

საშუალო პროფესიული განათლება

საშუალო პროფესიული განათლების პროგრამები აფხაზეთში ხორციელდება შემდეგ სასწავლო დაწესებულებებში: ბ. გ. კეხირიპას სახელობის გაგრის ჰუმანიტარულ-სამრეწველო ტექნიკუმში; აფხაზეთის მრავალპროფილიან კოლეჯში; სოხუმის “სახელმწიფო” კოლეჯში; გალის ჰუმანიტარული კოლეჯში; სოხუმის ჰუმანიტარულ-ეკოლოგიურ კოლეჯში; სოხუმის სამედიცინო კოლეჯში; ტყვარჩელის ჰუმანიტარულ-სამრეწველო კოლეჯში; გაგრის სამედიცინო სასწავლებელში; ა.ჩ. ჩიჩბას სახელობის სოხუმის მუსიკალურ სასწავლებელში; ა.კ. ჩაჩბას სახელობის სოხუმის სამხატვრო სასწავლებელსა და სოხუმის კულტურის “სახელმწიფო” სასწავლებელში. პროფილიდან გამომდინარე თითოეულ პროფესიულ სასწავლო-საგანმანათლებლო დაწესებულებაში შესასწავლი პროფესიები მრავალფეროვანია.

უმაღლესი განათლება

აფხაზეთის უმაღლესი განათლების სისტემა წარმოდგენილია ორი უნივერსიტეტით: აფხაზეთის სახელმწიფო უნივერსიტეტითა (АГУ) და სოხუმის ღია უნივერსიტეტით (COY).

აფხაზეთის „სახელმწიფო“ უნივერსიტეტი დაარსდა 1979 წელს სოხუმის პედაგოგიური ინსტიტუტის ბაზაზე. სოხუმის პედაგოგიური ინსტიტუტის მიზანი, რომელიც 1932 წელს გაიხსნა, იყო სკოლის მასწავლებლების მომზადება. შემდგომ წელს (1933) გარდაიქმნა მაქსიმ გორკის პედაგოგიურ ინსტიტუტად (The Chamber of Commerce and Industry of the Republic of Abkhazia 2016).

1989 წლის ცნობილი პოლიტიკური მოვლენების შემდეგ, აფხაზეთის (სოხუმის) უნივერსიტეტს გამოეყო ქართული ნაწილი, რომელიც აფხაზეთის უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებელთა და სტუდენტთა უმრავლესობას აერთიანებდა. 1989 წლის 14 მაისს უნივერსიტეტის ქართული ნაწილის ბაზაზე ჩამოყალიბდა ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოხუმის ფილიალი, რომელმაც 1993 წლიდან ქ. თბილისში გააგრძელა ფუნქციონირება (სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი  2016). ხოლო, სოხუმში აფხაზეთის „სახელმწიფო“ უნივერსიტეტი განაგრძობს ფუნქციონირებას. უნივერსიტეტი ახორციელებს უმაღლესი განათლების პროგრამებს სწავლების დასწრებული და დაუსწრებელი ფორმებით, რუსული სახელმწიფო საგანმანათლებლო სტანდარტებით აფხაზურ, რუსულ და სომხურ ენებზე (Абхазский Государственный Университет  2016, 3-4).

უნივერსიტეტში სწავლება მიმდინარეობს 8 ფაკულტეტზე: ფიზიკა-მათემატიკის, ბიოლოგია-გეოგრაფიის, ფილოლოგიური, ისტორიული, იურიდიული, ეკონომიკური, პედაგოგიური და აგროინჟინერიის (Абхазский Государственный Университет). სწავლის დასრულების შემდეგ, კურსდამთავრებულებს ენიჭებათ შესაბამისი კვალიფიკაცია და იღებენ  სახელმწიფო დიპლომს, რომელსაც აღიარებს რუსეთი (Абхазский Государственный Университет 2013, 4).

სოხუმის ღია ინსტიტუტი, 1997 წელს შეიქმნა აფხაზეთის საზოგადო მოღვაწეებისა და მეცნიერთა მიერ სოხუმში. ინსტიტუტის სასწავლო პროცესი ეფუძნება რუსეთში მიღებულ სახელმწიფო საგანმანათლებლო სტანდარტს (СПР 2017).

სოხუმის ღია ინსტიტუტში 9 სპეციალობას შეისწავლიან სტუდენტები: ბუღალტერია და აუდიტი; მსოფლიო ეკონომიკა და საერთაშორისო ეკონომიკური ურთიერთობები; აგროეკონომიკა; მეწარმეობა; იურისპრუდენცია; საგარეო ეკონომიკური საქმიანობა და საბაჟო საქმე; კურორტისა და ტურიზმის მენეჯმენტი; კომპიუტერულ ტექნოლოგიები ეკონომიკაში; საბანკო საქმე (Sputnik Абхазия 2017).

განსაკუთრებით დიდი  ყურადღება  ინსტიტუტში ეთმობა აფხაზურ ენასა და ფიზიკურ მომზადებას (Шария  2012). აქვე ფუნქციონირებს კარატის, ფეხბურთისა და ჭადრაკის წრეები (Арджения 2017).

სკოლის გარეშე სასწავლო-სააღმზრდელო დაწესებულებები

სკოლის გარეშე სასწავლო-სააღმზრდელო დაწესებულებებიდან აფხაზეთში ფუნქციონირებს სპორტული წრეები ინტერესის მიხედვით. თუმცა, განსაკუთრებით მნიშვნელოვანი, აღნიშნული დაწესებულებების ტიპიდან ბიბლიოთეკებია, ყველაზე ცნობილი – „აფხაზეთის რესპუბლიკის ნაციონალური ბიბლიოთეკა“, რომელიც 1921 წელს დაარსდა როგორც სოხუმის ცენტრალური ბიბლიოთეკა. 1926 წელს ცენტრალური საქალაქო ბიბლიოთეკის სტატუსი მიენიჭა (Национальная Библиотека Республики Абхазия им. И.Г. Папаскир). 1998 წელს შეიცვალა სახელი და ი. პაპასკირის სახელობის ნაციონალურ ბიბლიოთეკად იწოდა. 2012-დან 2015 წლებამდე კაპიტალური რემონტი უტარდებოდა და 2017 წელს განაახლა მუშაობა (Национальная Библиотека Республики Абхазия им. И.Г. Папаскир). ბიბლიოთეკა აერთიანებს მკითხველთა ფართო კატეგორიას: სტუდენტებს, მწერლებს, ჟურნალისტებს, მოსწავლეებს და სხვა (Шария 2017).

რაც შეეხება სირთულეებს განათლების სექტორში: მთავარი პრობლემა რასაც თავად აფხაზები ხედავენ განათლების სექტორში დაკავშირებულია კვალიფიციური პედაგოგების არ არსებობასთან (განსაკუთრებით აფხაზეთის სოფლებში), განათლების თანამედროვე სისტემის შექმნას, თანამედროვე სასწავლო და სასწავლო-მეთოდური ლიტერატურის შემუშავებას და დანერგვასთან,  საგანმანათლებლო პროგრამების მოდერნიზებას, განათლების ხარისხის შეფასების თანამედროვე სისტემის შექმნასთან და სხვ.(Республика Абхазия Кабинет Министров 2017, 2-3).

ვრცელი სტატია იხილეთ ბმულზე

ანა ტივაძე

მსგავსი პოსტები

ზედა პანელზე გადასვლა