„კარენნოი“ VS „ნეკორენნოი“

ამ ესეს დაწერა „წარმოშობის საკითხის“ აქტუალობამ მიკარნახა. ისე მოხდა, რომ სხვადასხვა გარემოში რამდენჯერმე მოვისმინე – როგორ შეიძლება ძე-ზე დამთავრებული გვარის წარმომადგენელი იყოს დევნილი და თანაც სოხუმიდან? აფხაზეთში ხომ მეგრელები ცხოვრობდნენ? მსგავსი შეხედულებების მქონე ადამიანები მნიშვნელოვან შეცდომას უშვებენ, რისი საფუძველიც, რბილად რომ ვთქვა, საბჭოთა პერიოდის ეთნოგენეზის დისკურსის თაყვანისცემასა და საქართველოს ისტორიის საკითხების უცოდინარობაში უნდა ვეძებოთ. ესეში სწორედ ამ საკითხებზე მექნება საუბარი.

თანამედროვე გაგებით, ერი მოდერნული დროის პროდუქტია, რომელიც პოლიტიკური ელიტების ძალისხმევით იქმნება. მისი სუბიექტი გახლავთ მოქალაქე, არაერთგვაროვანი ეთნიკური, რელიგიური, რასობრივი თუ სხვა იდენტობის მარკერებით. ძირითადი შემაკავშირებელი რგოლი მოქალაქეებს შორის სახელმწიფოა, რომელიც ინსტიტუტების მეშვეობით აწარმოებს კომუნიკაციას  და ხატოვნად რომ ვთქვათ, დანაწევრებული მოზაიკური სტრუქტურისგან ქმნის ერთიანს. ერის მშენებლობის პროცესზე და მეთოდებზე არ შევჩერდები, მკითხველს შეუძლია ამის შესახებ თავადაც მოიძიოს ინფორმაცია, მხოლოდ იმას ვახსენებ, რომ საქართველოს მიზანი სწორედ სამოქალაქო ნაციონალიზმის იდეალების მიღწევაა და სახელმწიფო ინსტიტუტების ძალისხმევაც (ნებსით თუ უნებლიეთ) აქეთ არის მიმართული. თუმცა, როდესაც 2020 წელს საზოგადოების წევრებში ჩნდება კითხვა – რატომ შეიძლება ძე-ზე დამთავრებული გვარის წარმომადგენელი იყოს დევნილი და თანაც სოხუმიდან? ეს სამოქალაქო ცნობიერების განვითარების დაბალ დონეზე მიუთითებს და საგანგაშოა. ახლავე აგიხსნით რატომ. 

ლენინისა და სტალინის პარტია, როგორც მას საბჭოთა პრესა უწოდებდა, საბჭოთა მოქალაქეების რეინდოქტრინაციას პრიმორდიალური იდეებით ცდილობდა. არცერთი ბოლშევიკი  ერების უძველესი ფესვებით, ისტორიული გმირებითა თუ ეთნოგენეზის საკითხით დაინტერესებული არ იყო. იდეური წინაპრების გავლენით, მსგავსი იდეები მათ „ბურჟუაზიულ“ გადმონაშთად, ანუ მარქსის ტერმინით რომ ვთქვა „მცდარ ცნობიერებად“ მიაჩნდათ. თუმცა, პოლიტიკური მობილიზაციისთვის საბჭოთა ხალხებს სულ უფრო და უფრო არწმუნებდნენ იმაში, რომ აწმყოში არსებული ტერიტორია მათი ისტორიული განსახლების არეალს წარმოადგენდა ანტიკური ან შუა საუკუნეების პერიოდიდან. განსაკუთრებით კი, ამ პოსტულატის აქტუალიზებას სტალინური პერიოდის დისკურსი ახდენდა. იგი ხაზს უსვამდა უწყვეტობას ძველ ეთნოსსა და თანამედროვე ერს შორის, რაც გამორიცხავდა მიგრაციის პროცესებს. დროთა განმავლობაში, ამ იდეებმა ისე ძლიერად გაიდგა ფესვები საბჭოთა ხალხებში, რომ პოსტ-სტალინურ პერიოდში ფესვების კულტი ბევრ მათგანში დავის საგნად გადაიქცა. 

პოსტ-საბჭოთა საზოგადოებებში საბჭოური დისკურსის გადმონაშთები ხშირად იჩენს თავს და ერთ-ერთი მათგანის მანიფესტაციას წარმოადგენს ის იდეაც, რომ საქართველოს ავტონომია -აფხაზეთი, აფხაზების გარდა, მხოლოდ მეგრელებით იყო დასახლებული. ანუ, ამ თეზისის თანახმად ძე-ზე დამთავრებული გვარის წარმომადგენლები  საბჭოთა ტერმინით რომ ვთქვათ, არ არიან აფხაზეთის „კორენნოი“ მოსახლეობა. ეს იდეა კი საბოლოო ჯამში იმის საფუძველი ხდება, რომ იძულებით გადაადგილებულ პირს, უწევს საკუთარი ისტორიული სიძველის და ტერიტორიული კუთვნილების დამტკიცება, ოღონდ არა უცხოსთან და სხვასთან, არამედ საკუთარი ერის წევრებთან. მსგავსი სიტუაცია არც თუ იშვიათად იჩენს თავს და გულახდილად გეტყვით – დამღლელია. 

 საქართველოს ისტორიის ცოდნის საკითხიც რომ შემოვიტანოთ ამ დებატებში საჭიროა რამდენიმე ეპიზოდს მივაქციოთ ყურადღება. სამეგრელოს სამეფოს უშუალო საზღვარი ჰქონდა აფხაზეთის სამეფოსთან, რის გამოც მოსახლეობის შერევა განსაკუთრებით, ამ ჯგუფებს შორის ხდებოდა. თუმცა ეს არ გამორიცხავს იმ ფაქტს, რომ სხვა ქართველური ჯგუფებიც ცხოვრობდნენ აფხაზეთის ტერიტორიაზე. ისტორიიდან ცნობილია, რომ  დასავლეთისაკენ გადაადგილება ხელსაყრელი სამეურნეო პირობების მოპოვებისათვის და მტრისგან თავდასაცავად, ჯერ კიდევ ადრეულ შუა საუკუნეებში ხდებოდა. მოგვიანებით, ამას სხვა პოლიტიკური მიზეზებიც დაემატა, რის გამოც აფხაზეთი იმ ადამიანების მიწადაც გადაიქცა, რომელთაც არ ჰქონდათ მეგრული ან აფხაზური დაბოლოებები გვარში. 

დიახ, აფხაზეთში ბევრი „არამეგრელი“ ცხოვრობდა, რომელთაც ისეთივე უფლება აქვთ ტერიტორიულ კუთვნილებაზე, როგორც ყველა სხვას, ვისთვისაც ეს მიწა იდენტობის ნაწილს წარმოადგენს. 

 „კორენნოი“ ვს „ნეკორენნოი“ დისკურსის ადგილი თანამედროვე საქართველოში  არ არის. 

ახლა 2020 წელია.

სტალინი 67 წლის მკვდარია. 

რუსკა ეფაძე

მსგავსი პოსტები