მრავალგზის დევნილი

 მრავალგზის დევნილი

ჩუმად დაფუსფუსებს და კამელიის დაყრილი ვარდისფერი ფურცლებისგან ასუფთავებს ეზოს. ვინ იცის, რამხელა სევდაა ამ სიჩუმეში, ზომით იმ კამელიის ხეზე უფრო დიდი იქნება ალბათ, მშობლიურ ეზოში რომ დატოვა. რამდენიმე წლის წინ კითხულობდა თავის კარ-მიდამოს ამბებს იმედიანი თვალებით, სულ მისხალ-მისხალ მოიკითხა, ატმები, ფეიხოები, მსხლები და ვაშლები. ვაშლების გახმობის ამბავმა სულ ჩაუქრო მომლოდინე თვალები. მანამდე ეჭვები ჰქონდა, შენ გასაკეთებელს სხვა ვინ გაგიკეთებს, სად არის ამდენი დროო. გაუკაცრიელებულ და უადამიანო ეზოში ხეებიც ხმობას იწყებენ.

28 წლის წინ გამოგდებას ვერ შეეგუა და მალევე დაბრუნდა, ერთხელ 2 კვირაში,მეორედ 3 თვის შემდეგ, მესამედ 6 თვის თავზე და ამასობაში თითქოს მშვიდობა დამყარდა. დამწვარი, განადგურებული სახლი აღადგინა, მიაკოხტავა, თავიდან მოუარა, გაამწვანა, გააბიბინა იქაურობა და ალბათ გული ოდნავ დაიმშვიდა. საბოლოოდ მარტო მოუწია დაბრუნება, მეუღლემ ვერ გაუძლო და ნერვიულობას გადაყვა.

2000 წელს ბებია რომ გარდაიცვალა, ბაბუაჩემს აფხაზეთში უნდოდა გადასვენება, მამაჩემს ქუთაისთან ახლოს, დევნილთათვის სპეციალურად გამოყოფილ ახალ სასაფლაოზე. ბაბუ ამბობდა, აუცილებლად დავბრუნდებით, მე აქ არ დავიმარხავ თავს, მიმყავს ჩემი ცოლიცო. მამაჩემმა მოუგო და კოპიტნარში ასვენია ცხონებული ბებიაჩემი. ერთგულების და სიყვარულის ნიშნად საფლავის ქვაზე ბაბუაჩემის სურათიცაა ამოტვიფრული მხოლოდ დაბადების თარიღით (ღმერთმა დიდხანს აცოცხლოს).

ბაბუ 3 თვეში ერთხელ ჩამოდიოდა ჩვენთან ქუთაისში 3-4 დღით და ისევ უკან ეჩქარებოდა, საქმე არ უნდოდა გაფუჭებოდა.

აფხაზეთში მიმდინარე მოვლენებზე იშვიათად ვიგებთ სატელევიზიო სივრციდან, თუმცა ბაბუ სულ ელოდება და უკლებრივ ყველა საინფორმაციო უყურებს. ერთხელ თავად აღმოჩნდა თავის საყვარელ სატელევიზიო არხზე.
ერთ დღეს, თავის საქმეებს რომ მორჩა და სახლში დასასვენებლად ადიოდა, დაუპატიჟებელი სტუმრები დახვდნენ, დაყაჩაღება უნდოდათ, საბედნიეროდ ყველაფერი კარგად დამთავრდა. „სტუმრები“ მეორედაც ეწვივნენ, არ დააყენეს და ბოლოს კვლავ წამოსვლა მოუწია.

ომი ადამიანს სახეს აკარგვინებს, ფრაგმენტებად ხლეჩს საზოგადოებას. მე მჯერა, რომ უკეთეს გარემოში იმ ადამიანებს ახლობლების მიმართ განსაკუთრებული სიახლოვის გრძნობა ექნებოდათ, იმ ხალხის მიმართ, ვინც მათ უშუალო წიაღს და ყოფიერების სფეროს წარმოადგენს, ის, ვინც ბუნებრივია და ფასეული, ვინაიდან ეს ყოველივე ამდიდრებს, აკეთილშობილებს ადამიანის ბევრ სოციალურ საქციელს (უფროსის პატივისცემას, მოხუცის დახმარების სურვილს და ა.შ).
უსაფრთხო გარემო შეუფასებელი სიკეთეა. ეროვნული უსაფრთხოების გაგება პოლიტიკური კუთვნილების ფარგლებს გარეთაა. იგი გულისხმობს პოლიტიკურ, ეკონომიკურ, სამართლებრივ, სამხედრო, ეკოლოგიურ, სამედიცინო, იდეოლოგიურ, ზნეობრივ, სამეცნიერო-ტექნიკურ, საინფორმაციო და კულტურულ უსაფრთხოებას.
ნებისმიერ კეთილგონიერ და წესიერ ადამიანს უნდა თავისი ქვეყანა იყოს დაცული, ერთიანი, მტკიცე და უსაფრთხო. ბევრი ყოვედღიურად ამტკიცებს ერთგულებას, პატრიოტიზმს. ამით იმედი არ ქრება, რომ უკეთესობისკენ შეიცვლება ყველაფერი.
ყველამ ერთად უნდა ვიფიქროთ და ვიზრუნოთ მშვიდობიანი და ჯანსაღი გარემოს შექმნისთვის. ყველაფერი მშვიდობით იწყება. როდესაც საზოგადოების წევრები იზიარებენ ერთმანეთის ღირებულებებს, პატივს სცემენ ერთმანეთს, ბუნებრივად იქმნება განვითარებისთვის ხელშემწყობი პირობები.

Elene Chargazia

მსგავსი პოსტები

ზედა პანელზე გადასვლა