ხშირად ისმის კითხვა თუ რა არის მშვიდობა? მშვიდობის ერთი და საყოველთაოდ მიღებული დეფინიცია არ არსებობს შესაბამისად, მშვიდობას შესაძლოა სხვადასხვა განმარტება ჰქონდეს. მშვიდობა ხშირად ასოცირდება სტაბილურობასთან, ჰარმონიასთან, წონასწორობასთან, განვითარებასთან და ა.შ.. ვებსტერის ლექსიკონის თანახმად, მშვიდობა არის მთავრობების მიერ შეთანმხებული ისეთი მდგომარეობა, რომელიც გულისხმობს ომისა და საომარი მოქმედებების არარსებობას. ამდენად, მშვიდობა როგორც ყოველდღიურ ცხოვრებაში, ისე საერთაშორისო არენასა და საერთაშორისო სამართალში პოზიტიური მნიშვნელობისა და ღირებულების მატარებელია. თუმცა აღსანიშნავია, რომ ხშირად ხსენებული წარმოდგენები წინააღმდეგობაში მოდის იმ ქაოტურ და არაჰარმონიულ სიტუაციასთან, რაც მსოფლიოში სუფევს.

მშვიდობის ერთ-ერთი განმარტება, რომელმაც ძალზედ დიდი გავლენა იქონია მშვიდობის კვლევებში  ნორვეგიელ მეცნიერს იოჰან გალტუნგს ეკუთვნის, რომელიც ოსლოს მშვიდობის კვლევის ინსტიტუტის დამაარსებელი და მშვიდობის კვლევების მთავარი ფიგურაა. 1964 წელს ჟურნალის „Journal of Peace Research” პირველ ნომერში გალტუნგმა ერთმანეთისაგან განაცალკევა  პოზიტიური მშვიდობა და ნეგატიური მშვიდობა, რამაც საფუძველი დაუდო მშვიდობის თეორიის ახლებური გააზრების პროცესს.

გალტუნგის აზრით,  მშვიდობის განსაზღვრისთვის აუცილებელი იყო ძალადობის ცნებისა და თავად მისი არსის გააზრება. შესაბამისად, მან გააფართოვა  მშვიდობისა და ძალადობის კონცეფციები. შედეგად, ძალადობის ცნების ახლებურმა გაგებამ მოიცვა არაპირდაპირი და სტრუქტურული ძალადობა, რომლის საფუძველს საზოგადოების სტრუქტურებში არსებული ძალადობა წარმოადგენდა, ვიდრე აქტორებისგან წარმოქმნილი პირდაპირი ძალადობა. ასევე გაფართოვდა თავად მშვიდობის განმარტება – გალტუნგმა მშვიდობა აღიქვა როგორც პირდაპირი, ისე სრუქტურული ძალადობის არარსებობა.

ნეგატიური მშვიდობა გულისხმობს ორგანიზებული პირდაპირი ძალადობის არარსებობას სახელმწიფოებს ან ერთი სახელმწიფოს ფარგლებში ეთნიკურად და რასობრივად განსხვავებულ ჯგუფებს შორის. პოზიტიური მშვიდობა კი წარმოადგენს სტრუქტურული და კულტურული ძალადობის არარსებობას. იგი დაკავშირებულია ყველა იმ დადებით ქმედებასა და ურთიერთობასთან, რაც მსოფლიო საზოგადოებაში არსებობს, კერძოდ კი ადამიანთა ჯგუფების თანამშრომლობასა და ინტეგრაციასთან. აქედან გამომდინარე პოზიტიური მშვიდობა უფრო მეტია ვიდრე უბრალოდ ძალადობის, ძალადობრივი კონფლიქტის არარსებობა, იგი თავის თავში აერთიანებს სამართლიანობას, ჰარმონიასა და თანასწორობას. აღსანიშნავია, რომ ეს ორი ტიპი წარმოადგენს ორ განცალკევებულ განზომილებას, შესაბამისად შესაძლებლია პოზიტიური მშვიდობა არსებობდეს ნეგატიური მშვიდობისაგან დამოუკიდებლად.

გალტუნგისათვის მშვიდობის ძიება დაკავშირებულია ჯგუფებს შორის ურთიერთობებთან, რაც თავისთავად იყოფა პოზიტიურ და ნეგატიურ ნაწილებად. კერძოდ, ეს არის ძიება პირობებისა ნეგატიური ურთიერთობების არარსებობისთვის და პოზიტიური ურთიერთობების არსებობის ხელშეწყობისათვის. იგი პოზიტიურ მშვიდობას პოზიტიური ურთიერთობების 10 ღირებულებასთან აკავშირებს, ესენია:  თანამშრომლობის არსებობა; შიშისგან თავისუფლება; გასაჭირისგან თავისუფლება; ეკონომიკური ზრდა და განვითარება; ექსპლუატაციის არარსებობა; თანასწორობა; სამართლიანობა; მოქმედების თავისუფლება; პლურალიზმი და დინამიკა.

როგორც ვხედავთ იოჰან გალტუნგის თანახმად, მშვიდობის კვლევა წარმოადგენს მშვიდობის ძიებას. კერძოდ, იგი შეისწავლის მშვიდობის როგორც პოზიტიურ, ისე ნეგატიურ ასპექტებს, რომლებიც განაპირობებს ძალადობის არარსებობასა და მშვიდობის არსებობას მსოფლიოში. შესაბამისად, მშვიდობის კვლევა გულისხმობს მშვიდობისაკენ სწრაფვას არა მხოლოდ საერთაშორისო ურთიერთობებში, არამედ საშინაო პოლიტიკაშიც.

Maru Mchedlishvili

მსგავსი პოსტები