ომი სოციალურ მედიაში- თანამედროვე სამხედრო ოპერაციების განუყოფელი ნაწილი

მომზადებულია გავლელიანი გამოცემების სტატიებისა და სფეროში მომუშავე მეცნიერთა მოსაზრებებზე დაყრდნობით. გამოყენებული წყაროები იხილეთ ტექსტის ბოლოს. 

სოციალურმა მედიამ ადამიანის ცხოვრების თითქმის ყველა სფერო მოიცვა. სოციალური მედიის არხები ქმნიან სხვადასხვა სახის  სივრცეებს იდეების, აზრების, გრძნობების გამოხატვისთვის.  შესაბამისად, მას დიდი გავლენა აქვს საზოგადოების განვითარების,  ჩამოყალიბების პროცესზე და ამის უგულებელყოფა, ალბათ თავის მოტყუების ტოლფასია. სოციალური მედია იძლევა შესაძლებლობას,  ადამიანებს შორის ინტერაქტიული კომუნიკაცია იყოს სივრცე-დროითი შეზღუდვების გარეშე . ის  გახდა იდეების გამაძლიერებელი, მნიშვნელობის შემქმნელი და კონფლიქტების გენერატორიც კი.  იმ ეპოქაში, რომელიც ხასიათდება გლობალური ფასეულობებისთვის ბრძოლით, სოციალურ მედიას აქვს პოტენციალი, რომ კონფლიქტის პროვოცირება მოახდინოს.  სოციალური მედია და ციფრული ტექნოლოგია კიდევ უფრო აძლიერებს ინდივიდის სტრატეგიულ გავლენას, როგორც ეს აჩვენა ბრედლი მენინგის ან ედვარდ სნოუდენის მიერ საიდუმლო ინფორმაციის გამოქვეყნებამ. [1]იაფი, ადვილად მისაწვდომი სოციალური მედიის ხელსაწყოები მოქმედებს როგორც ქსელის ძალის მულტიპლიკატორი, ორგანიზების შესაძლებლობების გაზრდით. გრაფიკული გამოსახულებების და იდეების სწრაფად გავრცელების უნარი საჯარო ნარატივის ჩამოსაყალიბებლად სოციალურ მედიას გარდაქმნის სტრატეგიულ იარაღად ტერორისტების, მეამბოხე ჯგუფების ან კონფლიქტში ჩართული მთავრობების ხელში. [2]

ომი საინფორმაციო სფეროში  გახდა თანამედროვე სამხედრო ოპერაციების განუყოფელი ნაწილი. სოციალური მედიის პლატფორმები თამაშობენ მზარდ როლს ორგანიზებაში, მობილიზაციაში, გავრცელებასა და დაზვერვაში. როგორც ოპერაციების ორგანიზების ინსტრუმენტი, სოციალური მედია და მობილური ტელეფონების ტექნოლოგია უზრუნველყოფს მრავალ, დამატებით არხს ინსტრუქციებისა და შეკვეთების გადასაცემად სხვადასხვა ჯგუფს შორის სხვადასხვა სფეროში. [1]
ამავდროულად, მეცნიერები სოციალურ მედიას მიმართავენ, როგორც კონფლიქტის შესახებ ახალი მონაცემების წყაროს. თომას ზეიცოფმა* შექმნა ჩარჩო კონფლიქტზე სოციალური მედიის გავლენის გასაგებად, ოთხი ურთიერთდაკავშირებული პუნქტის მეშვეობით. 1) სოციალური მედია ამცირებს კომუნიკაციის ხარჯებს. 2) ზრდის ინფორმაციის სისწრაფესა და გავრცელებას. 3) მეცნიერებმა ყურადღება უნდა გაამახვილონ ორივე აქტორის სტრატეგიულ ურთიერთქმედებასა და კონკურენტულ ადაპტაციაზე საკომუნიკაციო ტექნოლოგიების ცვლილებების საპასუხოდ. 4) ახალი მონაცემები, რომლებსაც სოციალური მედია გვაწვდის, წარმოადგენს  მნიშვნელოვან რესურსს, მაგრამ ასევე ძირეულად ცვლის კონფლიქტის აქტორებისთვის ხელმისაწვდომ ინფორმაციას, რითაც აყალიბებს თავად კონფლიქტს.  ექსპერტის   მოსაზრებით, მნიშვნელოვანია მკვლევარებმა გაითვალისწინონ რომ სოციალური მედიის ტექნოლოგიაში ნებისმიერი შემდგომი წინსვლა, სავარაუდოდ, დაკავშირებულია სამხედრო ტექნოლოგიების სხვა ცვლილებებთან და ზოგადად ეკონომიკურ აქტივობასთან. [3]

სოციალური მედია ასევე არის მძლავრი ინსტრუმენტი დეზინფორმაციის ან „შოკისა და შიშის/shock and awe“ კამპანიების ჩასატარებლად, რომლებიც მიზნად ისახავს მორალის შეკავებას, ომის მიმართულების ან შედეგის შეცვლას ან პასუხის გაჩენას, რომელიც უზრუნველყოფს სტრატეგიულ უპირატესობას. ნარატივების გლობალური ომში აღქმის ჩამოსაყალიბებლად ასევე გვხდება  ე.წ. „ნეტ-ტროლების სტრატეგიები/ net-trolls strategies“  – შედარებით ახალი ფენომენი საერთაშორისო უსაფრთხოების კონტექსტში. „ნეტ-ტროლები“ ​​იწყებენ დისკუსიებს და იწვევენ კომენტარებს ისე, რომ შიგთავსი, რომელიც მიჩნეულია შეურაცხმყოფელად ან საზიანოდ ორგანიზაციებისთვის (და ზოგჯერ ადამიანებისთვის) მეგობრული და მხარდამჭერი შეხედულებებით დაიმარხება. პირიქითაც  ხშირდ გვხვდება. [1] სტრატეგიული ნარატივების შექმნა თანამედროვე სტრატეგიული კომუნიკაციის მნიშვნელოვანი სტრატეგიული   ბირთვია ბიზნესში, პოლიტიკასა და ომშიც კი. ნარატივების ბრძოლა გახდა საერთაშორისო პოლიტიკის  წარმოების საფუძველი და სოციალური მედია მძლავრი იარაღია ამ ომში.[1]

სოციალური მედია და უკრაინის ომი

ექსპერტების განცხადებით,  უკრაინაში შეჭრას არ უკავშირდება პირველი სოციალური მედიის ომი, მაგრამ ის ყველაზე ვირუსულია. ისრაელი და ჰამასი დიდი ხანია „იბრძვიან“ Twitter-ზე. პუტინის წინა შეჭრის დროს უკრაინაში, 2014-15 წლებში, ციფრული არხის მცოდნეებმა გამოიყენეს სელფები, რომლებსაც რუსი ჯარისკაცები აქვეყნებდნენ ინტერნეტში, რათა დაემტკიცებინათ მათი ყოფნა დონბასის რეგიონში ბრძოლის ველზე. (რუსეთმა შემდგომში აუკრძალა ჯარისკაცებს სმარტფონების ტარება სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს.)  უკრაინის ომი არც პირველი კონფლიქტია, რომელიც გამოჩნდა ახალი თაობის სოციალურ ქსელებში, როგორიცაა TikTok (2016 წ.).  სირიის ომის ვიდეოები იქ დიდი ხანია ვრცელდება.    დაინტერესებულ პირებს ასევე შეუძლიათ იპოვონ უამრავი კლიპი მთიანი ყარაბაღიდან, სადავო ანკლავიდან, რომლისთვისაც სომხეთი და აზერბაიჯანი იბრძოდნენ 2020 წელს. [2]

ISIS არის პირველი ორგანიზაცია, რომელმაც გამოიყენა სოციალური მედია, როგორც ძალის გამრავლების გზა. ორგანიზაციამ, შეიმუშავა რამდენიმე აპლიკაცია, როგორიცაა   „The Dawn of Glad Tidings“  ან „Nasher“, რათა უსაფრთხოდ გაუზიაროს ინფორმაცია თავის წევრებს. სოციალური მედიის სტრატეგიული  გამოყენება ასევე შეიძლება იყოს მძლავრი ინსტრუმენტი ადამიანების რეკრუტირებისა და მობილიზებისთვის. ISIS თავდაპირველად ტვიტერს ძალიან აგრესიულად იყენებდა ახალი რეკრუტების მოსაზიდად. [1]

საზოგადოდ, სოციალური მედიისა და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების ევოლუცია ასევე დიდ როლს თამაშობს ამ მიმართულებით. დღეს მსოფლიო მაშტაბით ბევრად უფრო მეტი ადამიანი ფლობს სმარტფონს და  მეტი ტერიტორიაა ჩართულია გლობლურ ინტერნეტ ქსელში. საერთაშორისო სატელეკომუნიკაციო კავშირის თანახმად, უკრაინელების დაახლოებით 75% იყენებს ინტერნეტს. ომის პირობებში ინტერნეტთან წვდომა სტაბილური დარჩა უკრაინის ყველა ქალაქში, გარდა  ალყაში სასტიკად მოქცეული ქალაქებისა,  ნაწილობრივ თანამგზავრული გაშუქების წყალობით. როდესაც 2015 წელს რუსულმა ბომბდამშენებმა სირიაში ბაშარ ალ-ასადის სახელით აფეთქება დაიწყეს, სირიის მოსახლეობის 30% ონლაინ რეჟიმში იყო. ავღანეთში ამერიკელების გაყვანის დროს ეს მაჩვენებელი 20%-ზე ნაკლები იყო.

ცვლილებები ჩანს თავად უკრაინაში: როდესაც რუსეთმა ომი დაიწყო 2014 წელს, უკრაინელი მობილური აბონენტების მხოლოდ 4%-ს ჰქონდა წვდომა 3G ან უფრო სწრაფ ქსელებზე; კვლევითი ფირმის Kepios-ის თანახმად, 2022 წელს 80%-ზე მეტი მაღალსიჩქარიან ქსელებში  ჩართულკი. Kepios-ის აზრით, 2014 წელს უკრაინელების მხოლოდ 14%-ს ჰქონდა სმარტფონები,  2020 წლისთვის 70%-ზე მეტს. როდესაც ბატონმა პუტინმა ბოლო შემოჭრა წამოიწყო, გლობალურად 4,6 მილიარდი ადამიანი იყენებდა სოციალურ მედიას, რაც ორჯერ მეტია ვიდრე 2014 წელს. სოციალურ ქსელებს 2014 წელს ვიდეოების ან პირდაპირი ტრანსლაციის ჩვენების შეზღუდული შესაძლებლობები ჰქონდათ, მაგრამ ახლა გადაღება მათთან ერთად მიმდინარეობს, რაც უკრაინელებმა მაქსიმალურად გამოიყენეს. „ყველა იღებს და აქვეყნებს ბოლო აფეთქებას“, ამბობს მარია პოპოვა, კომუნიკაციების სააგენტოს აღმასრულებელი, რომელიც ახლა კოორდინაციას უწევს მოხალისეთა მოძრაობას უკრაინიდან ინფორმაციის შეგროვებისა და გავრცელების მიზნით.

უკრაინელები ოსტატურად მოერგნენ ახალ საინფორმაციო გარემოს. აღნიშნულს  ხელს უწყობს ქარიზმატული, სოციალური მედიის მცოდნე ლიდერის ყოლა ბატონი ზელენსკის სახით, განსხვავებით მისი უფროსი მტერისგან მოსკოვში. უკრაინის მთავრობა სოციალურ მედიას  სხვადასხვა მიზნების განსახორციელებლად მიმართავს.  17 მარტს, საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ სცადა შეერცხვინა „ნესტლე/Nestle“, რომელმაც უარი თქვა რუსეთში საქმიანობის  შეწყვეტაზე, მემის/meme  სტილის სურათის გამოქვეყნებით. ციფრულმა სამინისტრომ გამოუშვა ჩეთბოტი Telegram-ზე, რომელიც მოქალაქეებს საშუალებას აძლევს გაუგზავნონ ვიდეოები და რუსული ძალების მდებარეობის ამსახველი მასალები;  ბოტი დღეში დაახლოებით 10000 შეტყობინებას იღებს, რომელსაც უკრაინის არმია ტრადიციული დაზვერვის შესავსებად იყენებს. „სადაც არ უნდა იყვნენ ისინი, ჩვენ მათ ვხედავთ“, – ამბობს ბ-ნი ფედოროვი. მთავრობა სოციალურ მედიას იყენებს ყველაფრის გასავრცელებლად, დაწყებული საევაკუაციო მატარებლების შესახებ ცნობებიდან და დამთავრებული გმირ ჯარისკაცების ისტორიებით.  [3]

„დღეს ყველა საინფორმაციო მეომარია“, – ამბობს ლიუბოვ ციბულსკა, უკრაინის მთავრობის მრჩეველი, რომელიც ეხმარება მათ რამდენიმე გუნდის კოორდინაციაში, თითოეულს კი კონკრეტული ფოკუსირება აქვს. ერთი ჯგუფი ქმნის კონტენტს, რომელიც განკუთვნილია რუსებისთვის; მეორე ამზადებს პატრიოტულ კლიპებს შიდა აუდიტორიისთვის; მესამე ყურადღებას ამახვილებს TikTok-ზე; მეოთხე ქმნის მემებს; თუმცა სხვები მუშაობენ ფოტოების და ვიდეოების დაარქივებაზე სოციალური მედიიდან, რაც, მათი იმედით, იქნება ომის დანაშაულების ფაქტები ტრიბუნალზე. “მიზნის ნაწილია დავრწმუნდეთ, რომ მსოფლიო უკრაინის შესახებ ინფორმაციას პირდაპირ უკრაინიდან იღებს”- ამბობს სერჰი დიდკოვსკი, პიარ სტრატეგი .  „ჩვენ გვინდა, რომ ფრანგმა, რომელიც პარიზში ზის, ეიფელის კოშკს უყურებს, თავის კრუასანს ჭამს, ესმოდეს, რომ მას შეუძლია ამის გაკეთება, რადგან მას უკრაინის არმია იცავს“, – ამბობს ბატონი დიდკოვსკი. ოკუპირებული ქალაქების მაცხოვრებლები აგრძელებენ უკრაინული ტელევიზიისა და რადიოს მიდევნებას ინტერნეტით და უკრაინის მთავრობის აპლიკაციის Diia-ს მეშვეობით. ისინი Telegram-ს იყენებენ საპროტესტო აქციების მოსაწყობად და რუსი ოკუპანტების ჩანაწერების გასაზიარებლად.

ექსპერტთა  ნაწილის აზრით, ომის მტკნარი საშინელება ბუნებრივად იპყრობს ყურადღებას, თუმცა ევროპელი აუდიტორია განსაკუთრებით დაინტერესებულია, რადგან უკრაინა მათ კარზეა და მათაც ეშინიათ ვლადიმერ პუტინის. ამასთანავე, შესაძლოა  დასავლელმა აუდიტორიამ უფრო მეტად მოახდინა იდენტიფიცირება უკრაინელებთან, ვიდრე სირიელებთან და, შესაბამისად, შესაძლოა უფრო ადვილად უყუროს, გააზიაროს ან მოიწონოს პოსტები უკრაინის შესახებ. 

დასავლეთში, რუსულმა ნარატივებმა ვერ პოვა მოწონება. ამის მიზეზი კი ისაა რომ, რეალობა ზედმეტად მკვეთრია გასაყალბებლად. რუსული სახელმწიფო მედიის მიერ გავრცელებული დეზინფორმაციის მიმართ დასავლურმა პლატფორმებმაც უფრო მკაცრი პოზიცია დაიკავეს და აღარ იბლოკება აგრესიის გამომხატველი კონტენტი რუსული ნარატივების მიმართ.  მაგრამ, რუსეთი ასევე ნაკლებად ცდილობდა დასავლურ აუდიტორიასთან მისასვლელად.რუსული დეზინფორმაციული კამპანიების სამიზნე ჯგუფი, როგორც ჩანს,  მოიცავს  აზიას, აფრიკასა და ახლო აღმოსავლეთს,  აყალიბებს მესიჯებს, რომლებიც ადრე არსებულ ანტიდასავლურ ან ანტიამერიკულ განწყობებს აკავშირებს- ამბობს ბ-ნიკარლ ჯეკ მილერი, ლონდონის ანალიტიკური ცენტრიდან.რუსეთის შიგნით, პუტინი მჭიდროდ აკონტროლებდა ნარატივს ინფორმაციის ნაკადის გამკაცრებით. Twitter, Facebook და Instagram ყველა აკრძალულია; TikTok-ის მომხმარებლებს არ შეუძლიათ ახალი შინაარსის შექმნა. 2022 წელს რუსეთის უკრაინაში შეჭრის პერიოდის  დროინდელი ცენზურის კანონების მიხედვით „ომის ომად წოდება“ ისჯება  დაპატიმრებით 15 წლამდე. რუსეთის ხელისუფლებამ შექმნა Telegram-ის ჩატბოტები, რათა მოქალაქეებმა აცნობონ „არასწორი ინფორმაციის“ გავრცელების შესახებ. [4]

თანამედროვე ნარატივების  ომებმა სოციალურ  მედიაში  ფაქტობრივად დაამტკიცა, რომ  რეალური ცხოვრება სულ უფრო ხშირად პორტირდება ონლაინ რეჟიმში.  ფოტოგრაფებმა კონფლიქტის დოკუმენტირება დაიწყეს მე-19 საუკუნის შუა წლებში. თავდაპირველად, უხერხული აღჭურვილობისა და პროცესების გამო შეუძლებელი იყო ბრძოლის გადაღება, თუმცა მსუბუქი, 35მმ-იანი კამერების გამოგონებამ შესაძლებელი გახადა ფრონტზე მუშაობა. როგორც კრიტიკოსი სუზან სონტაგი წერდა 2002 წელს, „ომის გაგება ადამიანებს შორის, რომლებსაც ომი არ გამოუცდიათ, ახლა ძირითადად ამ სურათების გავლენის შედეგია“. თუმცა, სამწუხაროდ, ორი საუკუნის წინ ფოტოებს არ მოუტანიათ ომის დასრულება ტანჯვის ხილვით, როგორც ზოგიერთი იმედოვნებდა, მე-19 საუკუნეში; სავარაუდოდ, ასე იქნება სოციალური მედიის შემთხვევაშიც. საუბედუროდ,  მოკლული ადამიანების გვამების, დაბომბილი ქალაქების, ატირებული ბავშვების ფოტოები ჩვენს ყოველდღიურობად იქცა. ლიუბოვ ციბულსკას აზრით (უკრაინის მთავრობის მრჩეველი) დასავლელებს „მოსწონთ ტრაქტორებისა და ტანკების შესახებ ისტორიები, მაგრამ არა ისტორიები ტანჯულ ორსულებზე“. 

[1] The World Economic Forum-The global war of narratives and the role of social media-https://www.weforum.org/agenda/2016/07/the-global-war-of-narratives-and-the-role-of-social-media/

[2] The Interpreter – Social media in times of war .- https://www.lowyinstitute.org/the-interpreter/social-media-times-war

[3]  The Economist –  The invasion of Ukraine is not the first social media war, but it is the most viral https://www.economist.com/international/the-invasion-of-ukraine-is-not-the-first-social-media-war-but-it-is-the-most-viral/21808456

[4] The Times-Watching War Unfold on Social Media Affects Your Mental Health https://time.com/6155630/ukraine-war-social-media-mental-health/

*Thomas Zeitzoff – How Social Media is Changing Conflict http://www.zeitzoff.com/uploads/2/2/4/1/22413724/zeitzoff_how_social_media_change.jcr.pdf

ელეონორა ჭანია

მსგავსი პოსტები