უსახელო ადგილები

„გადასახლება შეუხორცებელი უფსკრულია დევნილსა და მშობლიურ ადგილს,

მის მე-სა და ნამდვილ სახლს შორის“

ედუარდ საიდი

2013 წელს დევნილთა რეგისტრაციის 6 თვიან პროექტში ჩავერთე. ინტერვიუების საფუძველზე მონაცემთა ბაზებს ვანახლებდი. იყო შემთხვევები, როდესაც სპეციალური საჭიროებების მქონე პირები ჩვენი კომისიის ოფისამდე ვერ მოდიოდნენ, რის გამოც, მე და ჩემს კოლეგებს გვიწევდა მათთან მისვლა. რთული გამოცდილება აღმოჩნდა ჩემთვის. რას ვხედავდი ყოველდღე? – ხის ფიცრებით შემოჯარულ შენობებს,  ფანჯრებჩამტვრეულ ოთახებს, ლამინატაყრილ იატაკებს, ბათქაშჩამოცვენილ ჭერებს, ნესტიან და სოკოშეპარულ კედლებს, დაჟანგულ მილებს საპირფარეშოებში.. ასე გამოიყურებოდა დევნილთა დიდი ნაწილის საცხოვრებელი გარემო, რომელსაც სიბრალულის გარეშე ვერ შეხედავდი. ყველაზე მტკივნეული კი იმ განცდასთან გამკლავება იყო, რომელიც ინტერვიუების შემდეგ მომყვებოდა – სასოწარკვეთა.

ოფისში ყოფნისას ამ საცხოვრებლებს ვეღარ ვხედავდი, მაგრამ მუდმივად ვგრძნობდი მათ არსებობას. ვგრძნობდი მაშინ, როდესაც ჩემს წინ მჯდომ უსახლო ადამიანს ვეკითხებოდი – „თქვენი ფაქტობრივი მისამართი?“ და პასუხის მიღებისას, გონებაში ისევ, ის საშინელი სურათები მიტრიალებდა. ინტერვიუების დროს, ხშირად მინახავს სევდისგან შეჭმული თვალები და შეკავებული ცრემლები, მომისმენია ახსნა – განმარტებები, საჩივრები და საყვედურები დევნილობის გამოცდილებასთან დაკავშირებით.. მაგრამ, პასუხი არცერთ მათგანზე გამიცია. ჩემი სიჩუმე ვიღაცას ემპათიის ნაკლებობად მიაჩნდა, ვიღაცას გულგრილობად, ვიღაცას გადაღლად, ვიღაცას ვალდებულებად. ამის შემდეგ იწყებოდა რაციონალური პასუხების ძიება და უსახლოდ დარჩენილი ადამიანები თანაგრძნობის ნაცვლად, უკვე, ხელჩასაჭიდ იმედებს ეძებდნენ. მოხუცები, შუახნის ასაკის ადამიანები, მოზარდები და ბავშვებიც კი,  ინტერესდებოდნენ რა გეგმა ჰქონდა სახელმწიფოს მათ  განსახლებასთან დაკავშირებით. ამ კითხვაზე ზუსტი პასუხი არ მქონდა, მაგრამ ყველას ვამხნევებდი – ადრე, თუ  გვიან, ეს პრობლემა გადაიჭრება – მეთქი. ჩემი სიტყვები არავის მოსწონდა. რეგისტრაციაზე მოსული ადამიანები კონკრეტული დეტალების დასახელებას ითხოვდნენ. მე მესმოდა მათი. მე ვიცოდი რა იყო დევნილობა, გაჭირვება და უსახლკარობა, მაგრამ ხმამაღლა თქმა არ შემეძლო. რთულია ილაპარაკო, როცა მზად არ ხარ.

————

ჩემი ცხოვრების 23 წელი თბილისის გარეუბანში მდებარე საერთო საცხოვრებელში გავატარე. ოდესმე წიგნს დავწერ და იმ ადგილს სახელს დავარქმევ.  ჯერ საჭირო სიტყვა არ მაქვს. ოთხი მწვანე კედლით შემოსაზღრული 18 კვადრატული მეტრის ოთახი – ერთდროულად მისაღებიც, საძინებელიც და სამზარეულოც  – სახლად ვერ იქცა ჩემთვის. იქ ყოფნა თავის გადარჩენის საშუალება იყო. გადარჩენის მნიშვნელობას კი, ყოველდღიურად აზიანებდა შიშის და სირცხვილის განცდა. ამას ვერც იაფფასიანმა შპალერმა უშველა, ვერც დედაჩემის შეკერილმა ფერადმა ფარდებმა, ვერც თეთრ ლარნაკში ჩადებულმა ყოჩივარდებმა. გაუქმებული საბჭოთა ფაბრიკის მუშათა  საცხოვრებელში უსახლობის განცდა აჭკნობდა ყველაფერ სასიამოვნოს და ლამაზს. შესაძლოა, კარგი მოგონებების დაგროვებას ვერიდებოდით, რომ  არ შევჩვეოდით და მისგან გაქცევის სურვილი არ დაგვევიწყებინა.

მამაჩემისთვის სულერთი იყო სად იცხოვრებდა, რადგან ომიდან მხოლოდ, ნატყვიარი სხეული გამოჰყვა, სიცოცხლის სურვილი  სოხუმში დატოვა. დედაჩემმა კი, 23 წელი ვერ დაიჯერა, რომ საერთო საცხოვრებელში ცხოვრობდა და ეს დაუჯერებლობა მემკვიდრობით გადმოგვეცა შემდგომ თაობასაც. სახლის საყიდლად ფული არ გვქონდა. ჩვენი ყოლვეთვიური შემოსავალი 2000-იანი წლების ჩათვლით, საარსებო მინიმუმს ვერ აღწევდა. რომელი ბინის ყიდვაზე იყო ლაპარაკი, როცა საკვები რაციონის სიღარიბემ სხვადასხვა დაავადება აგვკიდა, გადაუდებელი საჭიროებების დროს კი, საზღვარგარეთ წასული ნათესავები გვეხმარებოდნენ. კომპენსაციას არავინ მოგვცემდა, რადგან ეს უსახური შენობა ინვესტორების ინტერესებში არ შედიოდა. რამდენიმე წერილით მივმართეთ სამინისტროს – ალტერნატიული ფართის გამოყოფისთვის. პასუხი ყველა შემთხვევაში იწყებოდა სიტყვებით: „სამწუხაროდ….“

ჩვენი სამწუხარო რეალობა 2016 წელს შეიცვალა. სახელმწიფომ ჩემი ოჯახის 23-წლიანი გაჭირვება ქულებით შეაფასა და ამ შეფასების სანაცვლოდ ბინა გადასცა. ვერ აღვწერ რა ვიგრძენი იმ დღეს. მე ნორმალური გარემო მჭირდებოდა, სადაც თავს უსაფრთხოდ ვიგრძნობდი, სადაც ჰიგიენის დაცვის შესაძლებლობა და საკუთარი ოთახი მექნებოდა და ახალმა ამბავმა უკიდეგანო სიხარული მომგვარა. მაგრამ თან, ძალიან ვბრაზობდი, რადგან ამ დღის მოლოდინში 23 წელი გავატარე.

——-

ქართული საზოგადობის დიდმა ნაწილმა აფხაზეთის ტრავმის გაზიარება ვერ შეძლო. ამას ბევრი წინაპირობა ჰქონდა, რაზედაც ლაპარაკს ამ ტექსტში არ ვაპირებ. ჩემთვის პროცესის შედეგია საინტერესო – დღეს, დევნილთა დასახლებაში მცხოვრები ადამიანების ვედრება და საყვედურები მოსახლეობის დიდ ნაწილს უმადურებად ეჩვენება. ხშირად მიფიქრია აფხაზეთიდან რომ არ ვყოფილიყავი რა სახელს დავარქმვდი დევნილთა ჯგუფს? მექნებოდა ემპათია უსახლოდ დარჩენილი ადამიანების მიმართ, რომელთაც ვეღარ შეძლეს ცხოვრება ჩამონგრეულ შენობებში? გავამართლებდი მათ შიშს, სირცხვილსა და აგრესიას? ამ კითხვებზე პასუხი არ მაქვს, რადგან მეც დევნილი ვარ და ყველაფერი რასაც რეგისტრაციაზე მოსული ადამიანები მიყვებოდნენ, ჩემს გამოცდილებაშიცაა დალექილი.

23 წელიწადი ვეძებდი სახლს და დანამდვილებით ვიცი, რომ ეს ძალიან რთული და  მტკივნეული პროცესია. თუ არ გაქვს ადგილი, სადაც თავს უსაფრთხოდ გრძნობ, ეს ნიშნავს, რომ საყრდნის გარეშე ხარ დარჩენილი და ნებისმიერ დროს შეიძლება წაიქცე. დევნილებმა საკუთარი საყრდენი 1990-იანებში დაკარგეს და წლებია ახლის ძიებაში არიან. ეს ბუნებრივი სურვილია და არ შეიძლბა მისი ქონის გამო, ადამიანები განსჯის ობიექტებად იქცნენ.

ვიდრე გადაწყვეტთ, საყვედურის ტონით მიმართოთ დევნილებს, წარმოიდგინეთ ხის ფიცრებით შემოჯარული შენობბი, მინაჩამსხვრეულ ფანჯრებზე გადაკრული  პოლიეთილენის პარკები; ლამინატაყრილი იატაკები; ნესტიანი და სოკოშეპარული კედლები, ბათქაშჩამოცვენილი ჭერები; ბოლოს კი, ადამიანები, რომლებიც ამ გარემოში ცხოვრებით დაავადდნენ და მარტივ ჰიგიენზე ზრუნვასაც კი ვერ ახერხებენ, რადგან ადამიანად ყოფნის შესაძლებლობა წაართვეს..

და როცა ამ სურათს წარმოიდგენთ, გთხოვთ, სახელი დაარქვით იმ ადგილებს, რომელსაც ჩვენ ვერ ვუწოდეთ სახლი.

Kate Epadze

მსგავსი პოსტები