ზეპირი ისტორიები: სვანეთის გზა

ომების გააზრება პოსტ-კონფლიქტურ ქვეყნებში ახალი იდენტობების, საზოგადოებრივი ურთიერთობების და მომავლის მშენებლობას განაპირობებს. ცხადია, დევნილთა ჩართულობის გარეშე ეს პროცესი ვერ წარიმართება. იმისათვის, რომ მათი ხმა იყოს მისაწვდომი ყველასთვის და რეალურ ცვლილებებს დაუდოს სათავე, დევნილებმა მნიშვნელოვანი ამოცანა უნდა შეასრულონ – გარდაქმნან საკუთარი ჯგუფი უხმო საზოგადობიდან აქტიურ სამოქალაქო ნაწილად  და პირად ისტორიებს  მოუძებნონ კალაპოტი, საჯარო სივრცეში გამოსასვლელად.  

ზეპირი ისტორიების ციკლი, სწორედ, ამ ამოცანის შესრულებას ემსახურება. ის საშულებას აძლევს დევნილებს ილაპარაკონ პირველი პირის პოზიციიდან და სხვა მთხრობელთა ტექსტებთან დიალოგში შევიდნენ.

ჩვენი პირველი რესპოდენტი 35 წლის ქალია, თბილისის დევნილთა თავშესაფრიდან. ისტორია ჩაწერილია 2022 წლის 14 აპრილს. მთხრობელის ტექსტს გთავაზობთ უცვლელად.

ნ.ს.

„1992 წელს წამოვედით სოხუმიდან გალში, ნათესავებთან. მერე თქვეს მორჩაო ყველაფერი და უკან დავბრუნდით. თუმცა, დაბომბვები მაინც გაგრძელდა. ჩვენს ძაღლს ერთ-ერთი დაბომბვის დროს გული გაუსკდა. კარგად არ მახსოვს რა ხდებოდა მაშინ. ბავშვი ვიყავი და ვერც აღვიქვამდი. ხმაური დაიწყებოდა თუ არა, სამალავისკენ მიგვარბენინებდნენ. მეზობელს ჰქონდა დიდი სარდაფი. იქ შევიყრებოდით, ვიმალებოდით… რომ დაიწყებოდა დაბომბვები, ვიმალებოდით. დილით საქანელაზე „ასკოლკები“ გვხვდებოდა. ეზოში ტყიები ეყარა. ბავშვები ტყვიებს ვაგროვებდით და ვთამაშობდით. ერთმანეთს ვეჯიბრებოდით, ვინ რამდენი მოაგროვა. ამით ვერთობოდით. 

სოხუმი მეორედ რომ დავტოვეთ, მაიკა და ჩუსტები მეცვა. უცებ წამოვედით სახლიდან. სვანეთისკენ ამინდი გაფუჭდა და ძალიან შეგვცივდა. გზაზე ვიღაცის მანქანა იყო გაჩერებული. ავეჯი და სხვადასხვა ნივთები ეწყო. დედაჩემმა პირსახოცები აიღო და ტანზე შემოგვახვია. ჩემს დას ბიძაჩემის ჩექმები და ჟილეტი ჩააცვეს, რომ არ გაყინულიყო. 

სვანეთში ცუდი გზა დაიწყო. ვიწრო ბილიკი იყო გაჭრილი კლდეზე. ჩვენ გარდა ბევრი დევნილი მოდიოდა. ვჩქარობდით და ხალხმრავლობაში ოჯახის წევრები ავცდით ერთმანეთს. დედაჩემი ნერვიულობდა, სად წავიდნენო. რომ არ გამოჩდნენ გზა გავაგრძელთ. გაჩერების დრო არ იყო. საჭმელი თან არ გვქონდა. ჩემს დას შაქრის პატარა ტომარა ჰქონდა აკიდებული მხარზე. ჩემს ძმას ყავის მარცვლები მოჰქონდა. წყალიც არ იყო დასალევად. თოვლს ვჭამდით და ასე ვიკმაყოფილებდით წყურვილს. 

მახსოვს, ჭუბერს რომ მოვუახლოვდით კივილ-წივილი ატყდა. ხალხში კითხულობდნენ რა ხდება, რა ხდებაო? უცებ ვიღაცამ დაიძახა: „საწყალს ბავშვი გაეყინა და თავი გადაიგდოო.“ ახალგაზრდა ქალმა მოიკლა თავი. კლდიდან გადახტა. გზა იყო ვიწრო. ერთ მხარეს -კლდე, მეორე მხარეს – ჩასავარდნი. ძალიან შევშინდით. დედაჩემმა გაგვაფრთხილა წინ იარეთ და უკან აღარ იყუროთო. არ უნდოდა დაგვენახა რა ხდებოდა. გზა უნდა გაგვეგრძელებინა, გადარჩენაზე გვეფიქრა. 

საღამოს კარგი სვანები შეგვხვდნენ. გვითხრეს უკან დაბრუნდით, გზა აღარ გააგრძელოთ, თორემ გაიყინებითო. მაშინ გავჩერდით ვიღაცის კარავში. იქ ვნახეთ მამიდაჩემი. ჩემი დის ხმა იცნო. დაკარგული გვეგონა და რომ დავინახეთ, ჩვენს სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა.  მამაჩემის ამბავი საერთოდ არ ვიცოდით. სად იყო, ცოცხალი იყო თუ არა. კარავში „სგუშონკა“ მოგვცეს. ვიღაცას ბრინჯი ჰქონდა და ფაფა მოვხარშეთ. ცოტა მოვსულიერდით. ის ღამე იქ გავათენეთ და მეორე დღეს წამოვედით. ვინც უკან არ დაბრუნდა, ყველა გაყინული დაგვხვდა გზაზე. ყინვაში ვეღარ იარეს და დაიღუპნენ. ჩემი და დაიღალა. ჩამოვჯდებიო იფიქრა და გაყინულ მიცვალებულზე ჩამოჯდა. სხეული ისე იყო გაქვავებული, რომ ხის მორი ეგონა. გაყინული გვამებით იყო სავსე იქაურობა. მაშინ, ასაკის გამო, ბევრ რამეს ვერ ვხვდებოდი. ცოტა რომ წამოიზრდები და გახსენდება, რა გზა გამოიარე და რამდენი რამე ნახე, სხვანაირ ტკივილში გადადის. 

ძლიერ ყინვაში და თოვლში 8 დღე ვიარეთ ფეხით. გზადაგზა კოცონს ვანთებდით და ვთბებოდით. გრძელი გზა გამოვიდა. წარმომიდგენია რა დღე გადაიტანეს [უფროსებმა]. მე ექვსი წლის ვიყავი, ჩემი და თორმეტის, ჩემი ძმა თერთმეტის. ადრე ხშირად ყვებოდნენ ამ ამბებს და მეც მახსენდებოდა. ახლა ნაკლებად ვიხსენებთ. ძირითადად მამაჩემი ლაპარაკობდა აფხაზეთზე. ვიდრე ცოცხალი იყო. ჩემს ძმიშვილებს შემოისვამდა გვერდით და ძველ ამბებს უყვებოდა. ყველაფერი იციან. სოხუმში რა ხე გვედგა, რომელ ქუჩაზე ვცხოვრობდით. იძახიან – იმ ადგილებს აუცილებლად ვიცნობთო, ლეღვის ხეს ვიცნობთო, საქანელასო. ყელაფერს ისე აუღწერდა მამაჩემი, ისე ვრცლად, რომ დაამახსოვრდათ. სულ ეგონა, რომ დაბრუნდებოდა. 

აქ რომ ჩამოვედით არაფერი გვქონდა – არც სახლი, არც კარი, ერთი ქალაქიდან მეორეში გადავდიოდით, საჭმელი გვენატრებოდა. პური რომ ვნახე პირველად, დღესასწაული მეგონა. ამ პირობებში რომ იზრდები ძნელია სხვა ბავშვებთან ურთიერთობა. სკოლის პერიოდი ტრავმული იყო ჩემთვის. ხუთი თუ ექვსი სკოლა მაქვს გამოცვლილი. ბავშვები როგორც დევნილს ისე მიყურებდნენ. ჩვენ შორის დიდი განსხვავება იყო და ამის გამო, თავს სულ დაჩაგრულად ვგრძნობდი. ვცდილობდი თავი ამაყად დამეჭირა, მაგრამ ჩემს სოციალურ მდგომარეობას ძალიან განვიცდიდი. მაშინ ეს პრობლემა ყვველაფერზე მეტად მადარდებდა. პატარა ვიყავი და ვერ ვხვდებოდი რამდენი რამე მოხდა, რა გზის გავლა მოგვიწია. თანდათან დავიწყე გაცნობიერება. 2008 წელს უკვე მივხვდი ჩემმა მშობლებმა რა გადაიტანეს. [აგვისტოს] ომი რომ დაიწყო არ მეძინა. ჩემი ძმიშვილების ტანსაცმელი ჩავალაგე და ვფიქრობდი სადმე გავიქცევით-მეთქი. სად მივრბოდი, არ ვიცოდი. წარსული ტივტივდებოდა გონებაში და გადარჩენის ინსტიქტი მქონდა ჩართული. ვიდრე მდგომარეობა არ დაწყნარდა, სულ დაძაბული ვიყავი. ახლა რომ ვფიქრობ, შედარებაც ძნელია. რამდენიმე დღე გრძელდებოდა 2008 წლის ომი. ჩვენ უფრო ხანგრძლივი ომი გამოვიარეთ აფხაზეთში და იმ ყველაფრის მიუხედავად ცხოვრების ხელახლა დაწყება შევძელით. ჩვენ დროს დევნილობა არ იყო იოლი. კიდევ ბევრი ისტორიაა,  რომლის გახსენებაც აღარ მინდა. ყველაფერი რომ მოვყვე, გამოდის ქართველებზე ცუდიც უნდა ვთქვა. მირჩევნია რაღაც მიზეზები ვიპოვო მათ გასამართლებლად, ვინც კარგად არ მოგვექცა. მეტს ვერაფერს დავამატებ.“

(ფოტოს ავტორი- შახ აივაზოვი. წყარო- dspace.nplg.gov.ge)

Kate Epadze

მსგავსი პოსტები